ახალი ამბები

ყირგიზეთში ექსპრეზიდენტის სახლის შტურმის დროს 52 პირი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა

8 აგვისტო, 2019 • 751
ყირგიზეთში ექსპრეზიდენტის სახლის შტურმის დროს 52 პირი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა

ყირგიზეთში ყოფილი პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა. Ria წერს, რომ აქამდე არსებული ინფორმაციით, კოი-ტაშის რეზიდენციის შტურმის შედეგად ჰოსპიტალიზირებულია 52 ადამიანი, აქედან 20-ზე მეტი  სამოქალაქო პირია. გარდა ამისა, გარდაცვლილია ერთი სპეცრაზმელი.

რუსული გამოცემა Lenta-ს მიხედვით, სპეცოპერაციის შემდეგ ექსპრეზიდენტის მომხრეები ყირგიზეთის პარლამენტის წინ დღეს, 8 აგვისტოს, აქციას გამართავენ. მათი წინააღმდეგ კი უკვე დაწყებულია გამოძიება, რომელიც მკვლელობის, მასობრივი არეულობის, ხულიგნობის, “ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ მუქარისა ან ძალადობის“ და მძევლების აყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

Meduza-ს ინფორმაციით, სპეცრაზმელებს ექსპრეზიდენტის სახლის შტურმის რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ. პირველი დაიწყო ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, მაშინ როდესაც რეზიდენციაში ათობით ადამიანი იმყოფებოდა. ალმაზბეკ ატამბაევის დაკავება ვერ მოხერხდა, თუმცა ორივე მხარემ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნა.

სპეცოპერაცია ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის სახლში. ფოტო: EPA-EFE/IGOR KOVALENKO

სპეცრაზმი ამბობს, რომ შტურმისას გამოიყენეს მხოლოდ რეზინის ტყვიები, ცეცხლსასროლი იარაღიდან კი ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები ესროდნენ. ამ ინფორმაციას უარყოფს თავად ალმაზბეკ ატამბაევი, რომელიც ამბობს, რომ მის თანამოაზრეებს შურდულებიც კი არ ჰქონიათ.

“ჩემს მხარდამჭერებს შურდულებიც კი არ ჰქონიათ. ტელევიზიით სიცრუეს ავრცელებენ. მე მხოლოდ მაშინ ვისროლე, როდესაც ბიჭები მესამე სართულზე ამოვიდნენ. ვცდილობდი, მათთვის არ მომერტყა“, – ამბობს ატამბაევი განცხადებაში, რომელსაც შემდგომ Lenta ავრცელებს.

https://www.youtube.com/watch?v=VpKbJOxdkPw

ალმაზბეკ ატამბაევი ყირგიზეთის პრეზიდენტი 2011 წლიდან 2017 წლამდე იყო. ამ თანამდებობის დატოვების შემდეგ ატამბაევმა ახლანდელი პრეზიდენტის, სოორონბაი ჟეენბეკოვის კრიტიკა დაიწყო და მას “არალეგალური პრეზიდენტი უწოდა“, პარლამენტს კი -“ცინგლიანი“. სწორედ ამის შემდეგ, როგორც Meduza წერს, ყირგიზეთის საპარლამენტო კომისიამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი წარსულში რამდენიმე კორუფციულ გარიგებაში იყო გარეული და მას „ექსპრეზიდენტის“ სტატუსი გაუუქმა.

ამასთანავე, გარდა კორუფციული გარიგებისა, საპარლამენტო კომისიამ ატამბაევი ყალბი სამედიცინო ცნობების საფუძველზე ადგილობრივი “კრიმინალური ავტორიტეტის“, აზიზ ბატუკაევის გათავისუფლებაში დასდო ბრალი. ქვეყნის შსს-ს წარმომადგენლებმა ატამბაევი სამჯერ დაიბარეს დაკითხვაზე მოწმის სახით, თუმცა, ის არცერთხელ არ მივიდა.

ყირგიზეთის კანონმდებლობის მიხედვით, დაკითხვაზე სამჯერ არგამოცხადების შემდეგ სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ უფლება, მოწმე დაკითხვაზე მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მიიყვანონ.

სპეცოპერაცია ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის სახლში. ფოტო: EPA-EFE/IGOR KOVALENKO

მასალების გადაბეჭდვის წესი