ახალი ამბები

ვფიქრობთ, უნდათ ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე საქმის აღძვრა – ვატო წერეთელი

8 აგვისტო, 2019 • 2344
ვფიქრობთ, უნდათ ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე საქმის აღძვრა – ვატო წერეთელი

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვიდან გამოსული ვატო წერეთლის თქმით, მოლოდინი აქვს, რომ მის მამაზე, “სამგორი M”-ისა და ,,სამგორი თრეიდის” დამფუძნებელზე – ავთანდილ წერეთელზე, შესაძლოა, სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყოს.

ვატო წერეთელი ამბობს, რომ საქმეში, რომლის ფარგლებშიც დღეს დაკითხვაზე იმყოფებოდა, არ არსებობს არც დაზარალებული და არც მომჩივანი, რაც გარკვეულ ეჭვებს იწვევს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა არის მისი მოლოდინი ამ საქმესთან დაკავშირებით, ვატო წერეთელი პასუხობს:

“მე ვფიქრობ, რომ ჩემი აზრით, უნდათ ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე და მამა მამაა, ვადასტურებ, უნდათ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.  ამით, ჩემი აზრით, შეეცდებიან პირადად ჩემს მანიპულირებას”.

გარდა ამისა, ვატო წერეთელი განმარტავს, რომ დაკითხვის დროს იკითხა, თუ ვინ იყო მომჩივანი მხარე, რაზეც მოსამართლემ უთხრა, რომ კითხვების დასმის უფლება არ აქვს.

“იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი გამოუძიებელი საქმე არის, 11 წლის წინანდელ საქმეზე, სადაც არც დაზარალებული ჰყავთ და არც მომჩივანი მხარე ჰყავთ, ეს არის ძალიან დიდი ეჭვი, ჩემი აზრით. რაც შეეხება ტელევიზიას, ბევრმა ადამიანმა იცის, რომ იყო კონკრეტული შემოტევები, ამიტომაც ყოველთვის ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკავშირდება, სავარაუდოდ, ამ ტელევიზიას.

კითხვები დამისვეს 11 წლის წინანდელ ტრანზაქციის შიდა დეტალებზეც, რაზეც განვუცხადე, რომ შიდა დეტალები მე ნამდვილად არ ვიცი. სასამართლოს თემებზე საერთოდ არ ვაპირებ საუბარს იმიტომ, რომ სასამართლოს თემებზე ჩემი ადვოკატი ისაუბრებს. მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სრული იდიოტიზმი და მეტი არაფერი,“ – ამბობს ვატო წერეთელი.

მისივე თქმით, “ტვ პირველზე“ შემოტევები შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს, ვინაიდან “ ტელევიზია არის დამოუკიდებელი, ყოველთვის რჩება გავლენების მიღმა და მოვლენებს შუაგულში, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ველოდებით, რომ იქნება შემოტევები“.

პროკურატურის განცხადებით, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო (ვახტანგ) წერეთლის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება, რომელზეც ბრალი „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრების მუხლით აქვთ წაყენებული.

“TV პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს

მასალების გადაბეჭდვის წესი