11 თებერვალს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიში მოისმინა.
კომიტეტის სხდომის შემდეგ უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის მექანიზმი დღემდე არ არის შექმნილი და მას ჯანდაცვის სამინისტროსგან არ მოუსმენია კონკრეტული გეგმა, თუ როგორი უნდა იყოს ეს ინსტიტუტი და როდის უნდა შეიქმნას ის.
“ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულ ვადებს, როდის მოხდება კონკრეტულად ამ რეკომენდაციის გათვალისწინება,“– ამბობს ნანუაშვილი.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მონიტორინგი ყველა დაწესებულებისთვის სავალდებულო უნდა იყოს.
ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშის თანახმად, შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროექტი შემუშავებულია და 2015 წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 1 მლნ ლარს შეადგენს.
კომიტეტზე ჯანდაცვის სამინისტრო მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ წარადგინა. მან ომბუდსმენის იმ სხვა რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ განახორციელა.
სოფრომაძის განცხადებით, იზრდება სოციალური მუშაკის უფლებამოსილება და მას უკვე უფლება ექნება, რომ გადაუდებელი აუცილებელობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის შესახებ. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ 2015 წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს ემატება 93 ახალი სოციალური მუშაკი, რომლებიც ოჯახში ძალადობის საკითხებთთან დაკავშირებით გაივლიან გადამზადებას. ასევე, გაიზრდება სოციალური მუშაკების ანაზღაურებაც.
“ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც აქ მომზადებული სოციალური მუშაკების გადადინება არ მოხდეს სხვა უწყებებში,”– განმარტა მან.
სოფრომაძე ამბობს, რომ 2015 წლიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგია იქნება ძალაში, რომელიც ორიენტირებული იქნება არა ოჯახის ხარჯებზე, არამედ მის შემოსავლებზე. შესაბამისად, საარსებო შემწეობას მიიღებს ის ოჯახი, რომელსაც არ აქვს შემოსავალი, ან შემოსავლის მომტანი რაიმე ქონება. ასევე, სოფრომაძის თქმით, ოჯახების სარეიტინგო ქულაზე გავლენას აღარ მოახდენს საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიც არის მაცივარი, ტელევიზორი, გაზქურა და ა.შ. ასევე, მისი განცხადებით, ქულის განსაზღვრისას მხედველობაში აღარ იქნება მიღებული სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, შშმ ბავშვებისთვის სერვისების მიმწოდებელთა და ასევე, მომსახურების გეოგრაფიული არეალი გაიზარდა. მისი თქმით, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის გარდა მომსახურების მიწოდება გორსა და თელავშიც იქნება შესაძლებელი.
თუმცა, სახალხო დამცველმა ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ შშმ პირებისთვის მომსახურების მიწოდება მაინც ვერ ხდება საჭიროების შესაბამისად.
სოფრომაძემ გაეროს “შშმ პირთა უფლებათა კონვენციის” ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებისთვის განსახორციელებელ ღონისძიებებზეც ისაუბრა, თუმცა, მას არ დაუსახელებია თარიღი, თუ როდის იქნება შესაძლებელი ოქმის რატიფიცირება.
ფაკულტატური ოქმი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საშუალებას მისცემს, რომ ინდივიდუალურ უფლება-დარღვევებზე გაეროს შესაბამის კომიტეტს მიმართონ.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ოქმის რატიფიცირება რაც შეიძლება მალე მოხდეს.
მესმის, რომ ეს უკავშირდება სერიოზულ პრობლემებს, მათ შორის გარკვეული ფინანსების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაც ნაბიჯები გადაიდგას.
“მესმის, რომ ძალიან რთულია ერთდროულად იგივე ამ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და შეიძლება ეს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვეს ბიუჯეტს, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკური ნება არსებობდეს სახელმწიფოს მხრიდან,“– ამბობს უჩა ნანუაშვილი.
საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად, ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 1 მარტამდე დადგენილებაში მოხსენიებული ყველა სამინისტროსგან, ასევე პროკურატურისგან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან უნდა მოისმინოს, თუ როგორ შეასრულეს მათ სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის რეკომენდაციები.