საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს ინტერესებს აზიანებს ის, ვინც აგვისტოს ომის საკითხით “სპეკულირებს”. ამის შესახებ მან მუხათგვერდის სასაფლაოზე ისაუბრა, სადაც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
“საქართველოს ოკუპაცია არის ის ტკივილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ეს არის საერთო ეროვნული ტკივილი, ეს არის საერთო ეროვნული გამოწვევა და მე დარწმუნებული ვარ, საქართველო აუცილებლად დაძლევს”, – აცხადებს ის.
კითხვაზე, რატომ მივიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები ძმათა სასაფლაოზე 7 აგვისტოს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დღეს, 8 აგვისტოს, პრემიერმა უპასუხა:
“საქართველოს ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე და ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, როდესაც დაიწყო ჩვენი ისტორიული მიწა-წყლების ოკუპაცია. 2008 წელი იყო ამის გაგრძელება. ეს არის, რა თქმა უნდა ძალიან დიდი შეცდომა, მათ შორის, მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის, რომ ამაზე არ ხდებოდა შესაბამისი აქცენტის სწორი დასმა.
რაც შეეხება 2008 წელს, ეს იყო შემდეგი ეტაპი, ეს არის ძალიან დიდი ტკივილი. ძალიან დიდი ხანი ემზადებოდა ოკუპანტი ქვეყანა ამისთვის და ეს იყო, სამწუხაროდ, ძალიან ხილული.
რაც შეეხება თვითონ ამ თემის შესახებ სპეკულაციას, თვითონ ვინც აკეთებს ამის შესახებ სპეკულაციას, ის აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს”, – ამბობს ის.
წელს 11 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვსტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.
ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.