ნეტგაზეთი | აშშ აგრძელებს ზრუნვას იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობაზე – ელიზაბეთ რუდი აშშ აგრძელებს ზრუნვას იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობაზე – ელიზაბეთ რუდი – Netgazeti
RU | GE  

აშშ აგრძელებს ზრუნვას იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობაზე – ელიზაბეთ რუდი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავს წეროვანიდან ეხმაურება.

“საქართველოში რუსეთის შემოჭრიდან 11 წლისთავზე თითოეული ეს სახლი გვიყვება ოჯახების, მეგობრების, სახლ-კარისა და საყვარელი ადამიანების დაკარგვის ამბავს. მაგრამ, ამასთანავე, გვიამბობს სიმამაცის, მეგობრობის, უდრეკი ხალხისა და მათი საყვარელი სამშობლოს სიმტკიცის ისტორიას. შეერთებული შტატები სიამაყით აგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას და ზრუნვას იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობაზე, რათა შინ უსაფრთხოდ დაბრუნებამდე ღირსეულად განაგრძონ აქ ცხოვრება”, – ნათქვამია ელჩის მოვალეობის შემსრულებელის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.


წელს 11 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვსტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.