ახალი ამბები

თურქეთის მთავრობამ 300 000 წიგნი გაანადგურა 2016 წლის შემდეგ

7 აგვისტო, 2019 • 1244
თურქეთის მთავრობამ 300 000 წიგნი გაანადგურა 2016 წლის შემდეგ

2016 წელს თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან დღემდე სახელმწიფომ 300 000-ზე მეტი წიგნი გაანადგურა. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის განათლების მინისტრმა, ზია სელჩუქმა, საპარლამენტო მოსმენაზე გაახმიანა ნაციონალისტური პარტიის დეპუტატის კითხვის საპასუხოდ. კომენტარს თურქული გამოცემები ავრცელებენ.

მისი თქმით, ჯამში, მთავრობამ სკოლებიდან და ბიბლიოთეკებიდან 301 878 წიგნი ამოიღო, რომლებიც შემდგომ განადგურდა. ეს ის წიგნებია, რომელთაც, მთავრობის მტკიცებით, აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელთან, ფეთულა გიულენთან და მის მოძრაობასთან აქვს კავშირი და გამოცემულია მისი მხარდამჭერების/მასთან დაკავშირებული საგამომცემლო სახლების მიერ. სწორედ გიულენს ადანაშაულებს ერდოღანის ხელისუფლება ზემოხსენებული სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში.

ზია სელჩუქის ეს განცხადება მწერალთა საერთაშორისო ასოციაცია “PEN International”-მა გააკრიტიკა და საგამომცემლო საქმიანობაზე თურქეთის ხელისუფლების ზემოქმედების მასშტაბებს გაუსვა ხაზი.

“სულ რაღაც 3 წელიწადში თურქეთში საგამომცემლო სივრცე განადგურდა 29 დახურული საგამომცემლო სახლის ფონზე “ტერორიზმის პროპაგანდის გავრცელების” ბრალდებით”.

“მთავრობა დრამატულად ზრდის თავის გავლენას მედიასა და საგამომცემლო სივრცეზე, ადუმებს კრიტიკულ ხმებს”, – დასძენს ორგანიზაცია.

თურქეთის განათლების მინისტრმა ამავე საპარლამენტო მოსმენაზე აღნიშნა, რომ 2016 წლის შემდეგ “გიულენთან კავშირში მყოფი” 2 284 საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურა.

2016 წლიდან დღემდე თურქეთში გადატრიალების მცდელობაში ჩართულობისა თუ მასთან კავშირის ბრალდებით ათობით ათასი ადამიანი დააკავეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათ შორის არიან სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები, მოსამართლეები, პოლიციელები, სამხედროები, აკადემიური სფეროსა და მედიის წარმომადგენლები. ათასობით სკოლა, უნივერსიტეტი, საერთო საცხოვრებელი, საგამომცემლო სახლი დაიხურა, 200-მდე მედიაორგანიზაციამ კი ფუნქციონირება შეწყვიტა.

არქივიდან:

დევნა რიცხვებში – თურქეთის 2 წელი გადატრიალების მცდელობიდან[ინფოგრაფიკა]

ფოტო გარეკანზე: Turkey Purge

 

მასალების გადაბეჭდვის წესი