ახალი ამბები

ორი ქალის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა 6 წლით მიესაჯა

7 აგვისტო, 2019 • 1379
ორი ქალის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა 6 წლით მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი ქალის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული კ.ხ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით მიუსაჯა.

როგორც პროკურატურა აცხადებს, სასამართლო  პროცესზე  გამოკვლეული  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, თბილისში კ.ხ. ძალადობისა და მუქარის გამოყენებით  ორი ქალის გაუპატიურებას შეეცადა. იგი ჯერ ერთ ქალს დაესხა თავს, კისერზე მოუჭირა ხელი და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მის გაუპატიურებას შეეცადა. დაზარალებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევისა და გამვლელი მოქალაქეების გამოჩენის გამო კ.ხ-მ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო.

აღნიშნულის შემდეგ კ.ხ. იგივე განზრახვით მეორე ქალსაც დაესხა თავს. ყელზე მოუჭირა ხელი, ძალის გამოყენებით შეიყვანა გამწვანების ზოლში, ყელზე მიაბჯინა დაუდგენელი საგანი და სიცოცხლის მოსპობის მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარება მოითხოვა. დაზარალებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის და გამვლელი მოქალაქეების გამოჩენის გამო კ.ხ-მ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კ.ხ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19.137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა; 2 ეპიზოდი)წარუდგინა. კ.ხ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ხ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 6  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი