ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსული გავლენა საქართველოს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე თანდათან მზარდია – მინისტრი

7 აგვისტო, 2019 • 634
რუსული გავლენა საქართველოს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე თანდათან მზარდია – მინისტრი

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის პრეზიდენტი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება და ამით ცდილობს ერთგვარი ლეგიტიმაცია მიანიჭოს იმას, რასაც ლეგიტიმაცია არანაირად არ ექნება, რადგან საქართველოს ტერიტორიები უკანონოდ არის ოკუპირებული და, რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობა მთლიანად საერთაშორისო სამართლისა და ნორმების წინააღმდეგაა.  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო თანამეგობრობის აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს”, – ასე ეხმაურება ქეთევან ციხელაშვილი, შერიგების მინისტრი, ვლადიმერ პუტინისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტების მორიგ შეხვედრას.

„მთელი რიგი საკითხებია, რაც ანონსდება, რომ ამ შეხვედრაზე განიხილება. საუბედუროდ, არც ეს წარმოადგენს დიდ სიურპრიზს, რადგან თერთმეტი წლის განმავლობაში, 2008 წლიდან მოყოლებული, რუსული გავლენა საქართველოს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე თანდათან მზარდია. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ფაქტობრივად, ყველა სფერო ექსკლუზიური რუსული კონტროლის ქვეშაა მოქცეული და ამგვარი შეხვედრები მხოლოდ ხელს უწყობს იმას, რომ ეს გავლენა კიდევ უფრო გაიზარდოს.

აქ საყურადღებოდ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მოსახლეობისა და საზოგადოებისათვის ეს ნამდვილად არ არის პოზიტიური განვითარება და სწორედ აფხაზეთში წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად ისმის ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება რუსეთის ამ პოლიტიკის მიმართ, რომელიც ფაქტობრივად ადგილობრივი მოსახლეობის იდენტობის წინააღმდეგ არის მიმართული“, – აცხადებს ციხელაშვილი.

6 აგვისტოს, აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე [25 აგვისტო], დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსეთის ქალაქ სოჭში შეხვდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი