ახალი ამბები

საერთაშორისო საზოგადოება რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავს ეხმაურება

7 აგვისტო, 2019 • 1473
საერთაშორისო საზოგადოება რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავს ეხმაურება

საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში რუსეთის აგრესიიდან 11 წლისთავს ეხმაურება და მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

“ვიხსენებთ რა 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიას საქართველოში, ლატვია კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ Twitter-ში გამოქვეყნებულ პოსტში.

განცხადებას ავრცელებს პირადად ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩიც:

“მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ლატვიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. რუსეთმა უნდა დაასრულოს საქართველოს ნაწილის ოკუპაცია და გაიყვანოს თავისი ჯარები”.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი წერს, რომ 11 წლის წინანდელი აგრესია რუსეთის მხრიდან წინასწარ განზრახული ქმედება იყო.

“რუსეთი აგრძელებს მცოცავ ანექსიას და საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. სამწუხაროდ, გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ, ამას ყირიმი და დონბასი მოჰყვა. დაშოშმინება არასდროსაა არჩევანი”, – წერს ლინკევიჩიუსი.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროატლანტიკური მისწარფებებისადმი მხარდაჭერას აფიქსირებს გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი ჯონათან ჯანოგლი.

“11 წელი გავიდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგოონის არალეგალური ოკუპაციიდან. მოდი, ვაჩვენოთ ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწარფებებისადმი”, – წერს იგი.

“დღეს, 7 აგვისტოს, ზუსტად 11 წლის წინ, რუსეთის ჯარი შევიდა საქართველოში როკის გვირაბის გავლით, რამაც ომი გამოწივია”, – ამბობს უსაფრთხოების ექსპერტი მარსელ ვან ჰარპენი.


წელს 11 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვსტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი