ახალი ამბები

ოპოზიცია ვატო წერეთლის გამოკითხვაზე დაბარებას მედიაზე ზეწოლად აფასებს

6 აგვისტო, 2019 • 798
ოპოზიცია ვატო წერეთლის გამოკითხვაზე დაბარებას მედიაზე ზეწოლად აფასებს

ოპოზიცია ვატო წერეთელის დაკითხვაზე დაბარებას “ტვ პირველის” საქმიანობას უკავშირებს, ხელისუფლება კი პოლიტიკურ კვალს ვერ ხედავს.

“ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად შეზღუდოს კრიტიკული აზრი და ამის გამოხატულება  არის “ტვ პირველის” დირექტორის გამოკითხვაც.

“ეს არის უნაყოფო მცდელობა. თუ ვინმეს საღი აზრი შერჩენია ივანიშვილის ირგვლივ, მინდა მოვუწოდო, გააფრთხილონ თავიანთი ლიდერი, რომ ძალიან ცუდად დაამთავრებენ, თუ ამ გზაზე წავლენ ბოლომდე და შეეცდებიან, პოლიტიკური რეპრესიები შეახონ ყველას”,- განაცხადა ოთო კახიძემ.

დეპუტატი მიმართავს მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებს, არ შეასრულონ უკანონო მითითებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინიც დაექვემდებარებიან რეალურ მართლმსაჯულებას. კეთილგონიერებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია.

“მე არ შევხედავდი ამ თემას სერიოზულად იმის გათვალისწინებით, რომ მეტისმეტად არასერიოზულად გამოიყურება ფულის გათეთრების სახელდებით ცნობილი საქმე, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს ხანდაზმულობის და კომპეტენციის თვალსაზრისით, რომ არა თავად ის [ვატო წერეთლის] სტატუსი, რომელშიც იკითხება, რომ გარკვეულწილად ეს ინტერესი შესაძლოა მიემართებოდეს ტელევიზიისკენ.

ეს არის ძალიან საფრთხისშემცველი და მე არ ვურჩევდი ხელისუფლებას, იმდენად შორს წავიდეს ეს უგუნურება და იმდენად შორს წავიდნენ ასეთი სახიფათო ექსპერიმეტების ჩატარებით, რომ ტოტალური კონტროლის განცდა გაჩნდეს”,- განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ ასეთი ნაბიჯები მხოლოდ დააზარალებს პოლიტიკურ პროცესს.

“ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ქიბარ ხალვაშის ხელით ის ეტაპობრივად შეცვლის “რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკას და მოიცალა სხვა კრიტიკული მედიისთვის – კონკრეტულად “ტვ პირველისთვის”.

ბუნებრივია, ეს იქნება მისი მცდელობა, რომ გააკონტროლის კიდევ ერთი, კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალება იმიტომ, რომ მისთვის ფუნდამენტურად მიუღებელია კრიტიკული აზრის და თავისუფალი სიტყვის არსებობა ქვეყანაში, ვინაიდან ხვდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში მისი პოლიტიკური დღეები დათვლილია და მისი პოლიტიკური პროექტის კრახი არის გარდაუვალი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე”,- განაცხადა, თავის მხრივ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი “ტვ პირველის” დირექტორის საქმეს მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში განიხილავს.

“ჩვენი ინტერესის სფერო არ არის, გამოძიება ვის როდის დაკითხავს, რა კითხვებს დაუსვამს, ან რა საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარებს. ეს არის გამოძიების კომპეტენცია. ჩვენი მიზანია, ნებისმიერი მიმართულებით გამოძიება წარიმართოს მაღალი გამჭირვალობისა და კომპეტენციის ფარგლებში. ვფიქრობ არასწორია, ყველა საკითხი, რაც არ უნდა დაისვას, განვიხილოთ პოლიტიკურ ჭრილში. ერთმანეთისგან ყოველთვის უნდა გავმიჯნოთ სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესები”,- განაცხადა დეპუტატმა.

“TV პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს

მასალების გადაბეჭდვის წესი