ახალი ამბები

აქციაში მონაწილეობისთვის რუსეთის პროკურატურა წყვილისთვის შვილის ჩამორთმევას ითხოვს

6 აგვისტო, 2019 • 1332
აქციაში მონაწილეობისთვის რუსეთის პროკურატურა წყვილისთვის შვილის ჩამორთმევას ითხოვს

მოსკოვის პროკურატურა ითხოვს, რომ წყვილს 27 ივლისისა და 3 აგვისტოს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის მშობლობის უფლება ჩამოერთვას. ამის შესახებ Meduza წერს. 

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ მიტინგის დროს წყვილმა ბავშვი მესამე პირს გადასცა, “რამაც ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა, ასევე, გახდა მისთვის ფიზიკური და მორალური ზიანის მიზეზი“.

27 ივლისს მოსკოვში თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობდა, რომლის დროსაც 1 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. აქციის დარბევას რუსი პოლიციელები ძალების გამოყენებით ცდილობდნენ, მათ შორის, მომიტინგეებს ფიზიკურად ხელკეტებით უსწორდებოდნენ.

აქცია დაიგეგმა მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნების იმ კანდიდატებთან შესახვედრად, რომლებსაც რეგისტრაციაზე უარი უთხრეს. ეს შეხვედრა მოსკოვის მერიასთან უნდა გამართულიყო და მოქალაქეებს კანდიდატების რეგისტრაცია უნდა მოეთხოვათ, თუცმა პოლიციამ ადამიანების დაკავება აქციის დაწყებამდე დაიწყო.

აქციის დაწყებამდე დააკავეს დამოუკიდებელი კანდიდატები: დმიტრი დურკოვი, იულია გალიამინა, ივან ჟდანოვი, ილია იაშინი და ლუბოვ სობოლი.

27 ივლისის შემდეგ, კანდიდატების რეგისტრაციის მოთხოვნით, კიდევ ერთი აქცია მოსკოვში 3 აგვისტოსაც გაიმართა.  წინა აქციის მსგავსად, ეს პროტესტიც რუსულმა პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი