BBC ბოდიშს იხდის მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი გადაცემის წამყვანმა, მათი განცხადებით, დაუდევრობის გამო, რელიგიური ჟესტი ტერორისტულ მისალმებასთან გააიგივა.
დოკუმენტური ფილმი BBC-მ სირიაში გადაიღო, სადაც შეხვდნენ ქალებს, რომლებმაც საკუთარი ქვეყნები ე.წ. ისლამურ სახელმწიფოში გაწევრიანების მიზნით დატოვეს.
ერთ-ერთ სცენაში BBC-ს ჟურნალისტი აღწერს ბანაკის დატოვების პროცესს, როდესაც დაინახა, თუ როგორ აღმართავდნენ ქალები საჩვენებელ თითს, მისი თქმით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სადიდებლად. ჟურნალისტს არ განუმარტავს, რომ ჟესტს მუსლიმებისთვის რელიგიური დატვირთვა აქვს და მას მხოლოდ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრები არ იყენებენ.
ე.წ. ისლამური სახელმწიფო ჟესტს პროპაგანდისტული ფოტოებისთვის ხშირად იყენებს, თუმცა მას უფრო ფართო რელიგიური დატვირთვა აქვს:
“თავჰიდი ისლამის ამოსავალი დოქტრინაა. ის ერთღმერთიანობას და ალაჰის უზენაესობას გულისხმობს და მისი დაკნინება და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მისალმებად შერაცხვა არასწორი და საზიანოა. ეს კიდევ ერთელ ცხადყოფს მედიაში მუსლიმთა წარმომადგენლობის მნიშვნელობას და რელიგიური წიგნიერების საჭიროებაზე მიანიშნებს” ,- უთხრა Guardian-ს მუსლიმთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის, Tell MAMA-ს წარმომადგენელმა.
BBC-მ ასევე განაცხადა, რომ დოკუმენტური ფილმიდან ჟურნალისტის ამ განცხადებას ამოიღებს.