საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უსაფუძვლოს და ხელოვნურად შექმნილს უწოდებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს, რომელიც უკავშირდება საარჩევნო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს.
კობახიძის თქმით, ცვლილებები ODIHR-ის (ეუთო) რეკომენდაციებს ეფუძნება.
“გამოხატვის თავისუფლებას რაც შეეხება, არის რამდენიმე ახალი რეგულაცია შემოთავაზებული და ეს ყველაფერი ეფუძნება ODIHR-ის რეკომენდაციებს. მაქსიმალურად რბილი ფორმით არის ასახული ეს ყველაფერი კანონმდებლობაში. არანაირი საფუძველი არ აქვს იმ აჟიოტაჟს, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი. თუ გვინდა სრულად დავუშვათ სიძულვილის ენა და ქსენოფობია, რაც ისედაც არ გვაკლია პოლიტიკურ პროცესში, შეგვიძლია არ ჩავწეროთ, მაგრამ ODIHR-ის რეკომენდაციაა, ჩავწეროთ. აჟიოტაჟი რას ეფუძნება, აბსოლუტურად გაუგებარია”, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, 1997 წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციით, “სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, ხელს უწყობს, პროვოცირებას უწევს ან ამართლებს ქსენოფობიას, რასობრივ შუღლს, ანტისემიტიზმს, ასევე, შეუწყნარებლობის სხვა სახით გამოვლინებას – ეთნოცენტრიზმს, ნაციონალიზმს, დისკრიმინაციას, უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ მტრობას”.
“ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული პროექტი, ისევე, როგორც ზოგადად კანონმდებლობა, სიძულვილის ენის დეფინიციას არ მოიცავს, შესაბამისად, სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია საუბრობს ცენზურის საფრთხეზე იმის მიხედვით, თუ რას ჩათვლის ხელისუფლება სიძულვილის ენის გამოხატულებად. “ქართული ოცნება” ამბობს, რომ ამ ტერმინში მხოლოდ ვიწრო კონვენციურ განმარტებას გულისხმობს, თუმცა მზადყოფნას გამოთქვამს, დეტალურად ასახოს დეფინიცია კანონმდებლობაში.
“ვერანაირად ვერ შევზღუდავთ საარჩევნო პროცესებში ხისტ და თუნდაც შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს. ერთადერთი რაც შეიძლება შეიზღუდოს, ეს არის სიძულვილის ენა, ქსენოფობია, მაგალითად, ადამიანის კრიტიკა მისი ეთნიკური წარმომავლობის ან ორიენტაციის გამო. მედიასაშუალებას უნდა ჰქონდეს ვალდებულება, გადაამოწმოს სააგიტაციო მასალის შინაარსი, საუბარია ძირითადად სარეკლამო რგოლებზე”, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მედიას ეს ვალდებულება ახლაც აქვს- მაგალითად, პოლიტიკურმა პარტიამ რომ მიუტანოს პორნოგრაფიული ვიდეორგოლი, ვალდებულია ის ეთერში არ გაუშვას. კობახიძის თქმით, იგივე მიდგომა უნდა იყოს ქსენოფობიის შემთხვევაშიც.
“გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა ისიც, რომ პორნოგრაფიას არ ვუშვებთ ეთერში. აქაც ზუსტად იგივე ხდება. მედიასაშუალებამ უნდა გადაამოწმოს და არც ქსენოფობია და არც პორნოგრაფია არ უნდა გაუშვას ეთერში. აქ გამოხატვის თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ ექმნება… მაგალითად, კლიპში არ უნდა იყოს ნათქვამი, რომ არცერთ ბანგლადეშელს საქართველოში არ შემოვუშვებთ. ეს არის პირდაპირი ქსენოფობია და სიძულვილის ენა და ეს არის კანონით დასარეგულირებელი. კრიტიკას ვერავის აუკრძალავ. მე შემიძლია დავუძახო კონკრეტულ პარტიას კრიმინალური გაერთიანება, ვიღაცამ შეიძლება დაუძახოს მოღალატე და ა.შ. – ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რატომ არ მოსწონს ხელისუფლების ინიციატივა
პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის შეფასებით, “ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებები საფრთხის შემცველია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში. კერძოდ, კრიტიკის საფუძველი გახდა პოლიტიკური რეკლამის შინაარსის თვალსაზრისით დაწესებული რეგულაციები და წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილი ვალდებულებების დარღვევით განთავსების გამო მედიის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებებით, “საარჩევნო პროგრამა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მოწოდება/განცხადება/ქმედება, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, სიძულვილის ენასა და ქსენოფობიურ განცხადებებს”.
ამასთან, “დაუშვებელია ერთი საარჩევნო სუბუექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი სარეკლამო რგოლის მომზადება და მაუწყებელთა მიერ მათი განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება. საარჩევნო სუბიექტის რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა საარჩევნო სუბიექტის რეკლამის ელემენტებს. ანტირეკლამა არ უნდა აღემატებოდეს სარეკლამო რგოლის 25%-ს”.
მაუწყებელს ეკრძალება, განათავსოს ტელევიზიისა და რადიოს ეთერში ისეთი წინასაარჩევნო რეკლამა, რომლის შინაარსიც აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილი ვალდებულებების დარღვევით განთავსება “გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის საშუალების დაჯარიმებას ამ რეკლამისთვის განსაზღვრული ტარიფის ორმაგი ოდენობით”.
საარჩევნო ცვლილებები პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ 5 აგვისტოს წარმოადგინა. ნახეთ დეტალურად: