ახალი ამბები

შშმ მოზარდის დედა პოლიციელებს შვილის ცემაში ადანაშაულებს

6 აგვისტო, 2019 • 1238
შშმ მოზარდის დედა პოლიციელებს შვილის ცემაში ადანაშაულებს

შშმ მოზარდის დედა სამტრედიის პოლიციის თანამშრომლებს შვილის ცემაში ადანაშაულებს. როგორც არასრულწლოვნის დედა ამბობს, შემთხვევა პირველ ივნისს მოხდა.

როგორც არასრულწლოვნის დედამ “რუსთავი 2-ს” უამბო, მოზარდმა ორჯერ დარეკა 112 -ში, პირველად თქვა, რომ მამამ მასზე იძალადა, თუმცა შემდეგ ისევ დარეკა და შეტყობინების გაუქმებას ითხოვდა. მოზარდის დედის თქმით, ოჯახში ძალადობა არ მომხდარა.

როგორც ბიჭის დედა ამბობს, ზარის გაუქმებიდან მალევე მათთან სახლში მივიდნენ პოლიციელები და მის შვილს კითხულობდნენ. არასრულწლოვნის დედის განმარტებით, მთელი რაიონისთვის ცნობილია, რომ მოზარდი აღრიცხვაზეა, რადგან მას სერიოზული, მათ შორის, ფსიქიკური პრობლემები აქვს. ბიჭის დედის თქმით, პოლიციელებმა არასრულწლოვანი სკოლის ეზოში იპოვეს და განყოფილებაში წაიყვანეს.

„მოუპარავთ სკოლის ეზოდან, ბავშვი ჩუმად აიყვანეს, გაიყვანეს, არავისთვის უთქვამთ. ბავშვს უთხრეს, მამა არის პოლიციაში, რადგან შენ 112-ში დარეკე, დავწერთ ორ სიტყვას, მერე მამასთან ერთად დაგაბრუნებთ ოჯახშიო. დაამძიმეს ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობა პოლიციაში.

მოიწვიეს სოცმუშაკი ხათუნა სტურუა, რომელმაც წერილებზე რეაგირება არ მოახდინა, შემდეგ ბავშვი მოათავსეს სამტრედიის „ჯეო ჰოსპიტალში“. ბავშვი შეყვანილია ჰოსპიტალში, არ არის ნაცემი, ამოვიღე დოკუმენტები, აქედან ბავშვი გადასულია თემქაზე, მე-5 კლინიკურში, სადაც უკვე შეინიშნება დაზიანებები. ბავშვი ამბობს, რომ სადაც ბავშვებს პირველად დახმარებას უწევენ, რომ ვერ მაწყნარებდნენ, გადაკეტეს კარი და იქ მცემა ილია თევზაძემო, იქ სხვა პოლიციელებიც იყვნენო“, – ამბობს არასრულწლოვნის დედა “რუსთავი 2”-თან.

მოზარდის დედამ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობაზე პროკურატურას მიმართა. უწყება საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურეობრივი უფლებამოსილევის გადამეტებას გულისხმობს.

“ნეტგაზეთი” ამ საკითხზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძახების ადგილზე მოზარდი არ დახვდა პოლიციას, ქუჩაში დაინახეს, გადაიყვანეს განყოფილებაში, პარალელურად გამოიძახეს სოციალური მუშაკი. განყოფილებაში მისული სოციალური მუშაკი ესწრებოდა გამოკითხვის პროცედურას, ბავშვმა უარი განაცხადა ექსპერტიზაზე, გახდა აგრესიული, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც მოზარდი გადაიყვანა ადგილობრივ საავადმყოფოში, შემდგომ კი- ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

როგორც სოცმუშაკი ხათუნა სტურუა ნეტგაზეთთან სატელეფონო ინტერვიუში ჰყვება, სამმართველოში პოლიციის მიმართვის საფუძველზე იმყოფებოდა, რადგან ბიჭი არასრულწლოვანი იყო. მისი თქმით, მოზარდს სამმართველოში ყოფნისას დაზიანებები არ აღენიშნებოდა:

“დაკითხეს ბავშვი, ოდნავ გაღიზიანებული იყო, მაგრამ აბსოლუტურად კონტაქტური, პასუხობდა ყველა შეკითხვას. გამოკითხვის დასრულებიდან მალევე ბავშვი გაღიზიანდა, დაიწყო ტირილი, ყვირილი, უმისამართოდ იქნევდა კიდურებს. დამშვიდება ვცადეთ მე და პოლიციამ, მაგრამ არ უსმენდა და არ ემორჩილებოდა არავის. იმდენად უმართავი იყო მისი ემოციური მდგომაროება, სასწრაფო გამოვიძახე და სამტრედიაში მდებარე “ჯეო ჰოსპიტალში” გადავიყვანეთ. იმ დროისთვის ბავშვს ვიზუალურად დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა” ,- ამბობს სოცმუშაკი.

მისი თქმით, სტაციონარში შესვლისთანავე ბავშვმა ყვირილი დაიწყო, გაქცევას ცდილობდა და თავს საწოლს ურტყამდა:

“მას მუდმივად მეთვალყურეობდა ჩემთან ერთად სამტრედიის პოლიციის სამმართველოს წარმომადგენელი, მაგრამ რამდენჯერმერ დაუსხლტა ხელიდან და მიიყენა თვითდაზიანებები. იკბინა ხელზე, ირტყამდა სახეში ხელებს, სხეულზე. რამდენიმე წუთი მშვიდდებოდა და ხელს გაუშვებდნენ თუ არა, ხელ-ფეხის ქნევას იწყებდა, არაადეკვატურ მდგომაროებაში იყო. ამის გამო კატასტროფის ბრიგადა იქნა გამოძახებული და ბავშვი იმავე დღეს გადაიყვანეს თბილისის მე-5 ბავშვთა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სამკურნალოდ”, – ამბობს სოცმუშაკი.

როგორც სოცმუშაკი ხათუნა სტურუა “ნეტგაზეთთან” ამბობს, ამ დროისთვის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი