ახალი ამბები

ლევან გოგიჩაიშვილი: ყოფილ პატიმარში ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი თანასწორი

7 აგვისტო, 2019 • 1398
ლევან გოგიჩაიშვილი: ყოფილ პატიმარში ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი თანასწორი

ლევან გოგიჩაიშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი:

ზოგადად შიშები არსებობს იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც პენიტენციური სისტემა გამოვლილი აქვთ. ჩვენთან სიტყვებს ხშირად პატივს არ სცემენ და ძალიან მარტივად შეუძლიათ ადამიანებისთვის რაღაცის თქმა, იარლიყების მიწებება, წარსულის გახსენება.

ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება შესაბამისი სალაპარაკო ენა ყოფილ პატიმრებთან ურთიერთობის დროს: თუ ჩვენ ზემოდან ვუყურებთ მათ იმის გამო, რომ პატიმრობაში იყვნენ, ეს არასწორია. ჩვენ უნდა ვუყურებდეთ ისე, რომ შესაძლოა მათ ჩვენზე მეტის გაკეთების რესურსიც კი აქვთ, უნდა ვუყურებდეთ, როგორც ადამიანს, რომელიც ღირსების მატარებელია, ინდივიდია. ჩვენ უნდა დავინახოთ მასში ჩვენი თანასწორი.

ყოფილი პატიმრები ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი, მოწყვლადი ჯგუფია. ჩვენ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ადამიანს, რომელიც ცდილობს გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და თავისი თავი დაინახოს სოციუმში. თუ ამ ადამიანს ყველა გზას მოვუჭრით და დავუძახებთ ისეთ სიტყვებს, რომელიც მას მძიმე მდგომაროებაში ჩააგდებს, ამ ადამიანმა შესაძლოა ყველაფერზე უარი თქვას და იმხელა პროტესტი განუვითარდეს, რომ ისევ დაუბრუნდეს დანაშაულის ჩადენის გზას.

ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ სტერეოტიპების მსხვრევა.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის გარკვეული პროგრამები, ჩვენს სახელმწიფოს ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე გრძელვადიანი ხედვა არა აქვს, მაგალითად, კრიმინალთან ბრძოლის კუთხით. კრიმინალთან ბრძოლას თავისი ეტაპები აქვს: პრევენცია, დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ განხორციელებული რეაგირება და ასე შემდეგ. ჩვენთან პრევენციაზე თითქმის არავინ მუშაობს. თითზე ჩამოსათვლელი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც არა აქვთ სახელმწიფო მხარდაჭერა. სახელმწიფო არ არის მათთან მჭიდრო თანამშრომლობაში.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში მედიის ენა, როგორ წარადგენს იგი ამბავს, როგორ ყვება ჟურნალისტი ისტორიას ყოფილი პატიმრის შესახებ. მაგალითად, ადამიანი, რომელმაც მოიხადა სასჯელი, ის უნდა მოიხსენიოს თუ არა ჟურნალისტმა კრიმინალად. ჩემი აზრით, მედიის ენა არ განსხვავდება საზოგადოების ენისგან ამ თემაზე საუბრის დროს. მედია სტანდარტის დამკვიდრება ამ მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი.

რადგანაც ჯერჯერობით ამ მიმართულებით სახელმწიფო სტანდარტი არ არსებობს, რთულია მოსთხოვო სხვას მისი დაცვა. ამ ვითარებაში ძირითადი ტვირთი გადადის უფლებადამცველებსა და მედია ორგანიზაციებზე, ვისთვისაც არ არის სულერთი მსგავსი საკითხები, მაგალითად, თქვენთვის. თქვენც შეგაწუხათ ამ დამოკიდებულებამ ყოფილი პატიმრების მიმართ და ამიტომ წამოიწყეთ ეს პროექტი.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი