ქვიშხეთში გაფიცულებს სს „საქართველოს რკინიგზასთან“ სამართლებრივი კავშირი არ აქვთ

„საქართველოს რკინიგზა“ ეხმაურება ქვიშხეთში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულების პროტესტს და განმარტავს, რომ არავითარი შრომით-სამართლებრივი კავშირი პროცესთან არ აქვს.

სს „საქართველოს რკინიგზას“ ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან გაფორმებული აქვს  ხაშური-მოლითის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის სამშენებლო ხელშეკრულება 2011 წელს ჩატარებული საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე.  აღნიშნულ ობიექტზე ტექნიკურ ზედამხედველობას ასევე საერთაშორისო ტენდერის გზით გამარჯვებული კომპანია, ავსტიულ-გერმანული ILF-ისა და Deutsche Bahn-ის კონსორციუმი ახორციელებს.

“ნებისმიერი მცდელობა მიმდინარე პროტესტი დაუკავშირდეს სს „საქართველოს რკინიგზას“, ემსახურება დესტაბილიზაციის განცდის დანერგვას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ „საქართველოს რკინიგზა“ მუშაობს შეუფერხებლად და ჩვეულებრივ რეჟიმში ხორციელდება როგორც სამგზავრო გადაყვანები, ასევე სატვირთო გადაზიდვები.

მედია საშუალებებს ვთხოვთ არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი და ცალმხრივი ინფორმაცია, რათა  არასწორი განმარტებებით არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა,” – აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი