ახალი ამბები

კოჟორიძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა სია 11 თებერვლამდე გასაჯაროვდება

9 თებერვალი, 2015 •
კოჟორიძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა სია 11 თებერვლამდე გასაჯაროვდება

დაინტერესებულ პირებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების პრეზიდენტისთვის წარდგენა 9 თებერვლამდე შეეძლოთ. კოჟორიძის განცხადებით, ამის შემდეგ შერჩევის პროცესი გაგრძელდება და პრეზიდენტი კვლავ გამოთქვამს მზადყოფნას, რომ სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან კონსულტაციები გააგრძელოს.

 

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ იმ კონსულტაციებიდან გამომდინარე, რაც პრეზიდენტს ქონდა სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან და იმ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, რაზეც ფაქტობრივად, აზრთა თანხვედრა  არსებობს, რომ ეს კრიტერიუმები უნდ ახასიათებდეს სხვადასხვა კანდიდატს, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რომელი კანდიდატიც იქნება დასახელებული, ის იყო ღირსეული და ზუსტ შესაბამისობაში გაჟღერებულ კრიტერიუმებთან,”– განაცხადა კოჟორიძემ.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კონსტანტინე კუბლაშვილი ამ თანამდებობას 2005 წლის 23 თებერვლიდან იკავებს. კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა 2015 წლის 23 თებერვალს ეწურება.

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურა პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს, რის შემდეგაც იგი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ამ საკითხთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილი ბოლო პერიოდში ინტენსიურ კონსულტაციებს მართავდა როგორც საპარლამენტო ძალებთან, ისე სასამართლო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი