ახალი ამბები

ირანში 3 ქალი სავალდებულო ჰიჯაბის გაპროტესტების გამო დააპატიმრეს

4 აგვისტო, 2019 • 2922
ირანში 3 ქალი სავალდებულო ჰიჯაბის გაპროტესტების გამო დააპატიმრეს

ირანში ჰიჯაბის საჯაროდ მოხდის გამო სამი ქალი დააპატიმრეს. გადაწყვეტილება თეირანის “რევოლუციურმა” სასამართლომ მიიღო.

“რადიო თავისფულების” სპარსული სამსახურის ცნობით, მონირე არაბშაჰის, იასამან არიანისა და მოჟგან ქეშავარზის ბრალად ედებათ “ფასული შეთანხმება ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებისათვის”, “რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდა” და “კორუფციისა და პროსტიტუციისათვის ხელის შეწყობა”.

დაპატიმრებულთა სასჯელის ზომის შესახებ ცნობები კონფლიქტურია. “რადიო თავისუფლების” ცნობით, ჯამში, სამივე ქალის სასჯელის ხანგრძლივობის ჯამი 55 წელს შეადგენს. თუმცა, თუ სასჯელის ზომა უსაშველოდ დიდია, ირანის კანონმდებლობის თანახმად, მსჯავრდებულს მისი ნაწილის მოხდა უწევს.

დედა–შვილის არიანისა და არაბშაჰის ადვოკატის თქმით, თუ განაჩენი ძალაში დარჩება, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს 10 წლიანი პატიმრობა ელით. მესამე დაპატიმრებულის ადვოკატის ცნობით, მისი კლიენტი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

სამივე ქალი მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს მას შემდეგ, რაც 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, თეირანის მეტროში საპროტესტო ვიდეო გადაიღეს. კადრებში ჩანს, როგორ დადიან ისინი ვაგონში ჰიჯაბის გარეშე, ქალთა უფლებების მხარდამჭერ ლოზუნგებს ახმიანებენ და მგზავრ ქალებს თეთრ ყვავილებს ურიგებენ. კადრებს სოციალურ ქსელში ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის, “ამნესთი ინთერნეიშენალის” თანახმად, სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ქალებს ასე მიმართა: “ცუდ დღეში ჩაგყრით!”  “რადიო თავისუფლების” ცნობით კი, გადაწყვეტილება იმავე მოსამართლემ მიიღო, რომელმაც მიმდინარე წლის მარტში ცნობილ უფლებადამცველ ქალს, ნასრინ სოთუდეს, 40 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.

ირანში სავალდებულო ჰიჯაბის საწინააღმდეგო კამპანია რამდენიმე წლის წინ დაიწყო. მისი ინიციატორი ირანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, მასიჰ ალინეჟადია. კამპანიის ფარგლებში მოქალაქეები, უმეტესწილად, ქალები, ისლამური რესპუბლიკის მიერ შემოღებულ კანონს, ისევე როგორც პოლიციისა და სხვათა ძალადობრივ ქმედებებს, სხვადასხვა ფორმით უპირისპირდებიან, ყოველივე ამას კი იღებენ და ავრცელებენ.

ირანში არაერთი აქტივისტი და ქალთა უფლებადამცველი იმყოფება პატიმრობაში. მათ შორისაა ზემოთ ხსენებული ნასრინ სოთუდე, რომელსაც მიმდინარე წლის მარტში, ოჯახის ცნობით, 38-წლიანი პატიმრობა და 148 შოლტი მიუსაჯეს. ის სხვა ოპოზიციონერ აქტივისტებთან ერთად იმ ქალების უფლებებსაც იცავდა, რომლებიც ირანში სავალდებულო ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმის გამო მისცეს პასუხისგებაში.

გარეკნის ფოტო: Iranntl

მასალების გადაბეჭდვის წესი