ახალი ამბები

სამტრედიის ინციდენტში მღვდელი გამშველებლის როლში იყო – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

3 აგვისტო, 2019 • 896
სამტრედიის ინციდენტში მღვდელი გამშველებლის როლში იყო – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ რამდენიმე დღის წინ სამტრედიაში მომხდარ ინციდენტში მღვდელი მხოლოდ გამშველებლის როლს ასრულებდა.

“გამშველებელს მეტი ხვდებაო” – წერს ფეისბუკზე ჯაღმაიძე.

“რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამტრედიაში მოხდა ინციდენტი, სადაც ქართველ ქალბატონს და მის ერაყელ მეუღლეს უსიამოვნო შემთხვევა მოუხდათ მოქალაქეებთან. სამწუხაროდ ძალიან ორაზროვნად იყო ნახსენები ამ ინციდენტთან სასულიერო პირის კავშირი.

ორაზროვნების გასაფანტად და სიცხადის შესატანად სამტრედიაში მოვინახულე მამა იოაკიმე. გაირკვა შემდეგი: ინციდენტი მოჰყვა ყოფით საგზაო შემთხვევას, დამოუკიდებლად ეროვნული ნიშნისა, სასულიერო პირი კი ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებას.

როგორც ჩანს გავრცელებული ინფორმაცია ტენდენციურია და სასულიერო პირის ორაზროვნად ხსენება ქმნის შთაბეჭდილებას თითქოს იგი ძალადობდა, რაც სრულიად აცდენილია რეალობას.

ბუნებრივია სასულიერო პირი ასეთ შემთხვევაში გამშველებლის როლში აღმოჩნდებოდა და ბუნებრივია ისიც, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გამართული დღევანდელი საომარი კამპანიის პირობებში, მას მოძალადეობას დააბრალებდნენ.

სავარაუდოდ მამა იოაკიმე სატელევიზიო ინტერვიუსაც მისცემს და სიმართლე გაცხადდება”, – აცხადებს ჯაღმაიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველ აგვისტოს სამტრედიაში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ცოლ-ქმარს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს  საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის მოტივის, ასევე, დანაშაულში მონაწილე  სხვა პირების დადგენის მიზნით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

მომხდარის შესახებ ამბის უშუალო მონაწილის, ქეთი კამკამიძის კომენტარს ავრცელებს “იმედინიუსი”.

“გზაზე მე და ჩემი მეუღლე გადავდიოდით. მაღალი სიჩქარით მანქანამ ჩაგვიქროლა და რაღაც ნივთი გვესროლა. ამაზე მქონდა რეაქცია, თუმცა შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. მობრუნდა მანქანა, რომელშიც სასულიერო პირიც იჯდა. გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს. მანქანით ფეხზე გადამიარეს”, – უთხრა “იმედინიუსს” კამკამიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი