ახალი ამბებიეკონომიკა

შვილიშვილმა რომ ნახოს ბებია-ბაბუა… – პრემიერი რუსეთიდან ფრენების დაფინანსებაზე

2 აგვისტო, 2019 • 1612
შვილიშვილმა რომ ნახოს ბებია-ბაბუა… – პრემიერი რუსეთიდან ფრენების დაფინანსებაზე

შვილიშვილი ჩამოვიდეს და ნახოს თავისი ბებია-ბაბუა, ნათესავმა ნახოს მეორე ნათესავი, ბიძაშვილმა ნახოს მამიდაშვილი და ა.შ. – ასე ხსნის მამუკა ბახტაძე საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთიდან ფრენების 600 000 ევროთი სუბსიდირებას.

პრემიერის თქმით, რუსეთში მცხოვრებ საქართველოს ბევრ მოქალაქეს ჰქონდა დაგეგმილი ზაფხულში სამშობლოში დაბრუნება. როგორც ბახტაძე განმარტავს, ტურისტულ კომპონენტზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობდნენ ამ გადაწყვეტილების მიღებისას, მთავარი მიზანი კი რუსეთში მცხოვრები ქართველების დახმარება იყო.

“ეს არის ძალიან მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშრდება ელემენტარულ პასუხისმგებლობას და ჩვენს ვალდებულებას საქართველოს მოქალაქეების წინაშე. იცით, რომ ბევრი ქართველი და საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ჩვენ ვართ ზაფხულის პერიოდში. ბევრი მათგანი გეგმავდა და გეგმავს, დაბრუნდეს საქართველოში და ზაფხული გაატაროს თავის ოჯახთან; შვილიშვილი ჩამოვიდეს და ნახოს თავისი ბებია-ბაბუა, ნათესავმა ნახოს მეორე ნათესავი, ბიძაშვილმა ნახოს მამიდაშვილი და ა.შ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ჩვენს მოქალაქეებს მსგავსი პრობლემები ექმნებათ, გვერდში ამოვუდგეთ. მით უმეტეს, როდესაც ეს პრობლემები ხდება მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. რუსეთში მცხოვრები ქართველების უმრავლესობას ჰქონდა დაგეგმილი ზაფხულში საქართველოში ჩამოსვლა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ვალდებულები დავეხმაროთ მათ”, – განმარტავს მთავრობის მეთაური.


საქართველოს მთავრობა 600 000 ევრომდე თანხით დააფინანსებს ფრენებს საქართველოდან რუსეთის მიმართულებით და უკან ერევნის გავლით.

მთავრობის 24 ივლისის დადგენილებით, დაგეგმილია, რომ გაფორმდეს „პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულება“ ავიაკომპანიასთან, რომელიც თბილისის ან ბათუმის აეროპორტიდან რუსეთში გაფრინდება ერევნის გავლით და პირიქით, რუსეთიდან ერევნის გავლით საქართველოში ჩაფრინდება;

დადგენილების თანახმად, დაფინანსდება ისეთი ფრენები, რომელთა ღირებულებაც 90 ევროს არ აღემატება.

მთავრობა რუსეთიდან ფრენებს 600 000 ევრომდე თანხით დააფინანსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი