ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრო დაახლოებით 2800 სამედიცინო ცენტრს შეამოწმებს

2 აგვისტო, 2019 • 1292
ჯანდაცვის სამინისტრო დაახლოებით 2800 სამედიცინო ცენტრს შეამოწმებს

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, ზაზა ბოხუას განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, 2800-მდე რეგისტრირებული სამედიცინო დაწესებულება შემოწმდება.

თითოეულ კლინიკაში გადამოწმდება ინფრასტრუქტურასთან, აღჭურვილობასთან, სამედიცინო პერსონალთან, ინფექციური კონტროლის ღონისძიებებთან და სამედიცინო სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული ის  სპეციფიკური პირობები, რაც არის სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების საფუძველი“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, უკანასკენელი 2 კვირის განმავლობაში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ 30 სამედიცინო დაწესებულება შემოწმდა, სადაც სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა.

„დარღვევები ეხებოდა უკანონო საექიმო საქმიანობას, სამედიცინო დოკუმენტაციის არასწორ წარმოებას,  სალიცენზიო, სანებართვო და ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევებს. სულ 20 ოქმი დაიწერა“,- განაცხადა ზაზა ბოხუამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი