რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, ძმები ლევან და გიორგი ყარამანიშვილები, ქიბარ ხალვაშს უსაფუძვლო გამდიდარების მუხლით თანხებს უკან მოსთოხვენ.
დღეს, საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში გვარამიამ განმარტა, რომ როდესაც ხალვაში და სალია რუსთავი 2-ის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე საუბრობენ, გასათვალისწინებელია, რომ მან ტელეკომპანია გაცილებით უფრო რთულ პირობებში ჩაიბარა.
“აბსოლუტურად რესტრუქტურიზებადი და გასტუმრებადია ჩვენ დროს დაგროვილი ვალები. ამას სჭირდება [ფულის] ჩასხმები. ჩვენ წელს დაგეგმილი გვქონდა ჩასხმა, ჩვენს დამფუძნებლებს ვგულისხმობ, მაგრამ ამ დამფუძნებლების რუსთავი 2 არ არის და, შესაბამისად, ისინი ამ ფულს აღარ ჩაასახმენ. პირიქით, ისინი, რაც მანამდე ჩასხმული ჰქონდათ, იმას მოითხოვენ უსაფუძვლო გამდიდრების მუხლით უკან.
ამიტომ, მობრძანდეს ქიბარ ხალვაში, მისი ყადაღით დანგრეულ კომპანიას მიხედოს, ჩაასხას ფული, გაისტუმროს ვალები და გაისტუმროს ხელფასები. ასე ხდება საქართველოში, არცერთი ტელევიზია, რუსთავი 2-ის 3-წლიანი ეპიზოდის გარდა ჩემი დირექტორობის დროს, საკუთარი შემოსავლებით არ არსებობს,“ – ამბობს ნიკა გვარამია.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას გულისხმობს უსაფუძვლო გამდიდრებაში, გვარამია განმარტავს:
“ყველაფერი, რაც ჩაასხეს, რაც შეიტანეს ქონების სახით, ამას უკან წამოიღებენ, თავისთავად ცხადია, უსაფუძვლო გამდიდრების მუხლით. და არ დაგავიწყდეთ, რომ მეც მაქვს ჩემი პრეტენზიები რუსთავი 2-ის მიმართ, ოღონდ ის არ განიხილება საქართველოს სასამართლო სისტემაში, განიხილება ლონდონის არბიტრაჟში. კონტრაქტი მაქვს, რომლის დარღვევის შემთხვევაში 5 მლნ დოლარი მეკუთვნის და ის დარღვეულია, შესაბამისად, ეს ფული მეკუთვნის“.
ნეტგაზეთმა ჰკითხა გვარამიას, მისი ინფორმაციით, აპირებენ თუ არა ყარამანიშვილები ხალვაშის წინააღმდეგ მიმართონ სასამართლოს უსაფუძვლი გამდიდრების მუხლით, რაზეც მან გვიპასუხა:
“დარწმუნებული ვარ, რომ უჩივლებენ, მაგრამ მე არც ვიცი და ამ საქმეში ჩართული არ ვარ”.