ახალი ამბები

კონტრაქტის დარღვევისთვის მოვიგებ $5 მილიონს და ჩავდებ ახალ ტელევიზიაში – გვარამია

18 ივლისი, 2019 • 1083
კონტრაქტის დარღვევისთვის მოვიგებ $5 მილიონს და ჩავდებ ახალ ტელევიზიაში – გვარამია

რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, რუსთავი 2-თან გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისთვის უნდა გადაუხადონ 5 მილიონი აშშ დოლარი.

ნიკა გვარამია რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ ამ კომპენსაციას, რომელსაც სამომავლო სასამართლო დავის შემდეგ მოიგებს, ახალი ტელევიზიის დაფუძნებისთვის გამოიყენებს.

“კონტრაქტზე ჩვეულებრივად მოვიგებთ [დავას], მაგრამ ესეც იქნება რამდენიმე თვის თუ წელიწადის, ან წელიწადნახევრის შემდეგ… მოვიგებთ 5 მლნს ოდესღაც და ჩავდებ ახალ ტელევიზიაში, მაგრამ ჯერ ეს სიტუაციის შემცვლელი ვერ იქნება ჩვენთან.

ვიდავებთ, წავალ, მაგრამ ამას სჭირდება დრო. რაც შეეხება რუსთავი 2-ს, რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშის იქნება მხოლოდ იმ ვადით, რა ვადითაც არის ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში. ამის შემდეგ ზუსტად ეს სიტუაცია ერთ დღეში გადატრიალდება. ქიბარ ხალვაში სად ამოტრიალდება, ეს რთული საპროგნოზო არ არის“, – ამბობს გვარამია.

დღეს, 18 ივლისს გამართულ ბრიფინგზე  გვარამიამ თქვა, რომ მისი კონტრაქტი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უმაღლეს გარანტიებს შეიცავს და სულერთია, რა დამოკიდებულება აქვს ამ საკითხზე ქიბარ ხალვაშს:

“…ესაა ჩემი კონტრაქტი, რომელიც ჩემივე მოთხოვნით შეიცავს უმაღლეს გარანტიებს ჩემი გათავისუფლების შემთხვევაში. ეს აქვს საჯარო რეესტრსაც. აქ წერია, რომ ჩემი გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქ დარღვევისთვის განსაზღვრული ძალიან სერიოზული გარანტია იქნება გადახდილი. მხოლოდ ამის შემდეგ. რა დამოკიდებულება აქვს ხალვაშს ამ კონტრაქტთან, სულერთია. ვინც იყვნენ დამფუძნებლები, მომცეს ეს გარანტია. ამ კონტრაქციის ბათილობა მესაკუთრის შეცვლის გამო ვერ დადგება.”

გვარამიას თქმით, მის კონტრაქტს ვადა რუსთავი 2-თან 2020 წლის 31 დეკემბრამდე ჰქონდა.


18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება — საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ქიბარ ხალვაშს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

ქიბარ ხალვაშმა დღესვე მიმართა საჯარო რეესტრს, რის შედეგადაც ტელეარხის მფლობელად დარეგისტრირდა, ხოლო დირექტირად თავისი იურისტი პაატა სალია დანიშნა.

გვარამია გადაყენებულია — რ2-ს ახალი დირექტორი ჰყავს

მასალების გადაბეჭდვის წესი