ახალი ამბები

პროკურატურის მასალები ვერ ადასტურებს მორის მაჩალიკაშვილის ბრალეულობას – EMC

2 აგვისტო, 2019 • 1049
პროკურატურის მასალები ვერ ადასტურებს მორის მაჩალიკაშვილის ბრალეულობას – EMC

მორის მაჩალიკაშვილის მიმართ პროკურატურის მტკიცებულებები სუსტია და მის ბრალეულობას ვერ ადასტურებს – ასე ფიქრობს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”(EMC), რომელმაც დღეს, 2 აგვისტოს, საქმის პირველადი სამართლებრივი შეფასება გამოაქვეყნა.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ბრალდების მხარის მიერ გამოქვეყნებული საქმის მასალები – ვიდეო, პოლიციის “პატაკი” და პოტენციურ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები – ვერ ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს იმის შესახებ, რომ მაჩალიკაშვილი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდა ან თავს ესხმოდა ადგილზე მყოფ პოლიციელებს.

“ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულია, როგორ ცდილობს მორის მაჩალიკაშვილი ბიძამისი გამოიყვანოს პარლამენტის წინ არსებული ტერიტორიიდან იქ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება. ამ მდგომარეობაში მოყოლილი მალხაზ მაჩალიკაშვილი ხდება ცუდად და ის აქციის მონაწილეების და მათ შორის, პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, ადგილიდან, ხალხის მასიდან გამოჰყავთ.

მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოყვანის მომენტში მორის მაჩალიკაშვილი ხვდება აქციის მონაწილეების ალყაში, მას აღარ ეძლევა გადაადგილების შესაძლებლობა და ინსტიქტურად იქნევს ხელს, რომელიც ხვდება პოლიციის თანამშრომლის ფარს. ამ მომენტში მორის მაჩალიკაშვილს იმდენად ძლიერად აწვებიან უკნიდან, რომ ის პოლიციელის ფარს სახით ეკვრის, თუმცა დაახლოებით სამ წამში ის იხრება დაბლა და ცდილობს გამოძვრეს ამ ჯგუფიდან, რასაც ახერხებს, და ამის შემდგომ მორის მაჩალიკაშვილი ვიდეოჩანაწერში აღარ ფიქსირდება.”, – წერს ორგანიზაცია და დასძენს, რომ ეს ჩანაწერი მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ განზრახვას არ ამჟღავნებს.

EMC-ის განცხადებით, მტკიცებულების ძალა არ აქვს არც შსს-ს თანამშრომლის მიერ მორის მაჩალიკაშვილის დაკავებამდე 1 დღით ადრე, 25 ივლისს შედგენილ ე.წ. პატაკს, რომელშიც ის ხელმძღვანელ პირს მაჩალიკაშვილის ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობას ატყობინებს. ორგანიზაციის თქმით, პატაკი არ შეიცავს მითითებას ინფორმაციის წყაროსა და მაჩალიკაშვილის კონკრეტულ ქმედებებზე.

“ზოგადად, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შსს-ს თანამშრომლების მიერ მიღებული ინფორმაციის წყაროდ განიხილება ე.წ. კონფიდენტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (ოპერატიული ინფორმაცია). კონფიდენტის ვინაობასა და მისგან ინფორმაციის მიწოდების პროცესზე არ ხდება სასამართლო კონტროლი. კონფიდენტის დაკითხვა სასამართლოში დაუშვებელია და არ არსებობს იმის შემოწმების შესაძლებლობა, მართლა არსებობს თუ არა ამგვარი პირი და რეალურად აწვდის თუ არა შსს-ს თანამშრომელს პატაკში მითითებულ ინფორმაციას”, – აცხადებს ორგანიზაცია და დასძენს, რომ პატაკი, თავისი ხარისხით, ირიბ მტკიცებულებასაც ვერ უტოლდება.

ორგანიზაცია მოწმეთა დაკითხვის ოქმებსაც ეხება. მისი განცხადებით, მოწმეთა დიდი უმრავლესობა შსს-ს თანამშრომელია, მათ მიერ გადმოცემული ინფორმაცია კი მსგავსი, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე.

“გამოკითხული პირები მხოლოდ ზოგადად აღწერენ პარლამენტის წინ არსებულ მდგომარეობას და უთითებენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ ძალადობდა, თუმცა საქმეში არსებულ პირთა გამოკითხვის არცერთ ოქმში არ არის მოხსენიებული, კონკრეტულად მორისი მაჩალიკაშვილი მონაწილეობდა თუ არა ძალადობრივ ქმედებებში, რომელ სამართალდამცავს დაარტყა ხელი მან და ზოგადად რა სახის მოქმედებებში იყო ჩართული”, – ამბობს EMC.

ზემოაღნიშნულის ფონზე, EMC-ის თქმით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მორის მაჩალიკაშვილის დაკავება ბიძამისის – მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტზე გავლენის მოხდენის მცდელობაა. ორგანიზაცია პროკურატურას დასაბუთების “აშკარა პრობლემურობის” გააზრებისა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისაკენ მოუწოდებს, სააპელაციო სასამართლოს კი მიმართავს, არ დაუშვას “პატიმრობის  თვითნებური, დაუსაბუთებელი და შაბლონური გამოყენება” მორის მაჩალიკაშვილის მიმართ.


20 ივნისის საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს, მორის მაჩალიკაშვილს სასამართლომ აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება პირველმა ინსტანციამ 27 ივლისს მიიღო.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, მათ შორის მაჩალიკაშვილი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს მონაწილეობას იღებდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი