ახალი ამბები

“ჩემთვის საწყენია, რომ ვერ შევინარჩუნე ისინი“ – გვარამია “ფორმულა კრეატივზე“

2 აგვისტო, 2019 • 2928
“ჩემთვის საწყენია, რომ ვერ შევინარჩუნე ისინი“ – გვარამია “ფორმულა კრეატივზე“

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, მისთვის საწყენია, რომ  “ფორმულა კრეატივის“ შენარჩუნება ვერ შეძლო.

აღნიშნული მან მას შემდეგ განაცხადა, რაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, შესთავაზა თუ არა “ფორმულა კრეატივს“ თანამშრომლობა მაშინ, როდესაც ახალი ტელეკომპანიის დაფუძნება დააანონსა.

“არ ვილაპარაკებ ამ თემაზე… არ ვაპირებ ამ საკითხზე საუბარს, არ მინდა. გაბრაზებული ნამდვილად არ ვარ, საწყენია ჩემთვის ის, რომ ასეთი ხალხი ჩემთან ვერ იქნება, იმიტომ, რომ ყველაფერთან ერთად ეს ძალიან ხარჯიანია. ფინანსური თვალსაზრისით მათ სწორი არჩევანი გააკეთეს. ჩვენ ამას ნებისმიერ შემთხვევაში ვერ გავწვდებოდით და ამიტომ არც მქონია მოლაპარაკება. ნაწყენი კი არ ვარ, ჩემთვის საწყენია, რომ ვერ შევინარჩუნე ისინი.

მე არ მაქვს მაგდენი ფული და არც მექნება პირველ ეტაპზე. ეს ძალიან ძვირიანი პროდუქტია, რუსთავი 2-ც კი ძლივს წვდებოდა მას. პირველ ეტაპზე, როდესაც საწყისი კაპიტალი გჭირდება, ვიდრე გაყიდი, რეიტინგს აკრეფ და ა.შ. ამის შენახვა ჩვენთვის წარმოუდგენელია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს მათი კომპანიაა და საკუთარი პროდუქცია უნდა გადაერჩინათ. ამიტომ სწორი არჩევანი გააკეთეს, ვერაფერს იტყვი. ჩემთვის საწყენია ადამიანურად მათგან კი არა, მე რომ ვერ შევძელი უზრუნველყოფა, ეს საწყენია“, – ამბობს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამისთან ერთად, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ახალი არხის დაფუძნების გეგმების შესახებ ისაუბრა, საინფორმაციო-პოლიტიკური ტელევიზიის გახსნისთვის “ფორმულა კრეატივიც“ ემზადება. “ფორმულა კრეატივი“ ტელეკომპანიას თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობით აფუძნებს.

ფორმულა კრეატივი ადასტურებს, რომ ტელევიზიას კეზერაშვილთან თანამშრომლობით გახსნის

მასალების გადაბეჭდვის წესი