ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრას წინ უძღვოდა მოლაპარაკებები კიევში. 5 თებერვალს გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა კონფლიქტის მოგვარების ახალი გეგმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად დეტალურად განიხილეს.
BBC-ის ინფორმაციით, მოსკოვის შეხვედრაზე ორი ლიდერი წარმოადგენს კონფლიქტის გადაწყვეტის ახალ გეგმას, რომელიც დაფუძნებულია “ტერიტორიულ მთლიანობაზე” და შესაძლოა ყველასთვის მისაღები აღმოჩნდეს.
შეხვედრის შემდეგ პოროშენკომ განაცხადა, რომ მას “ცეცხლის შეწყვეტის იმედი მიეცა”, წერს BBC.

რუსეთი უარყობს, რომ იარაღით ამარაგებს პრორუსულ ძალებს. მოსკოვი ასევე უარყოფს უკრაინისა და დასავლეთის ბრალდებას, რომ მისი შეიარეღებული ძალები ამბოხებულებთან ერთად იბრძვიან უკრაინის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში.
BBC გაეროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ აპრილის შემდეგ, აღმოსავლეთ უკრაინაში შეტაკებების შედეგად, თითქმის 5400 ადამიანი დაიღუპა.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც სექტემბერში მინსკში მოეწერა ხელი, არავინ იცავს.