ახალი ამბებისამართალი

კარგი იურისტი ვარ, შემეძლო კვალი არ დამეტოვა, მაგრამ უდანაშაულო ვარ – გვარამია

2 აგვისტო, 2019 • 1567
კარგი იურისტი ვარ, შემეძლო კვალი არ დამეტოვა, მაგრამ უდანაშაულო ვარ – გვარამია

მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. ისე, რომ მჭირდებოდეს, ჩადენის დროსაც, იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო. თან, ძალიან კარგი იურისტი ვარ, შეგახსენებთ, – ეს განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში მისულმა ნიკა გვარამიამ გააკეთა, სადაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის თანდასწრებით გამოკითხავენ დიდი ოდენობით ფულის შესაძლო მითვისება-გაფლანგვის საქმეზე.

რასაც მკითხავენ, იმას ვუპასუხებ – რაც მახსოვს, თან, იმას იმიტომ, რომ ლაპარაკია 2015 წელზე, ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობაზე. ეს, როგორც იცით, ყველა კომპანიაში არის ფინანსური ხელმძღვანელობის საქმე. რაც მახსოვს, ყველაფერს ვიტყვი და ავხსნი, პრობლემა არ მაქვს. მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. ისე, რომ მჭირდებოდეს, ჩადენის დროსაც, იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო. თან, ძალიან კარგი იურისტი ვარ, შეგახსენებთ. მით უმეტეს, უდანაშაულობის შემთხვევაში, არანაირი კვალი არ იქნება”.

ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ დღესვე დააკავონ:

ჩემზე ნაკლები გინებისთვის, 3-სიტყვიანი გინების გამო, სადღაც სასადილოში ზვიად კუპრავს შეუფარდეს 9 თვით პატიმრობა. ხალხო, უპრეცედენტო რამეზე ვლაპარაკობთ. ეს მართლა გახდება ქრესტომათიული საქმე მთელი ევროპის მასშტაბით. თუ [ევროსასამართლოს] იგივე სექციამ არ განიხილა ეს საქმე, მდიდარი აზერბაიჯანელით და სხვა პოსტსაბჭოთა მოსამართლეებით, რომლებმაც განიხილეს რუსთავი 2-ის საქმე, აუცილებლად მოიგებს კუპრავა და ნამდვილად გახდება ეს პრეცედენტული საქმე. ამ ქვეყანაში, სადაც 3-სიტყვიანი გინების გამო 9 თვით უსჯიან პატიმრობას, ყველაფერია მოსალოდნელი”.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან იკრიბებიან ნიკა გვარამიას მხარდამჭერები, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც. მათი განცხადებით, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორი არის ბიძინა ივანიშვილისთვის არასასრუველი ძალიან აქტიური ფიგურა.


პროკურატურის განცხადებით, გამოძიება დაიწყეს რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე.

საგამოძიებო უწყების განცხადებით, მათი შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები რუსთავის 2-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერმედია“ და „ინტერმედია პლუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის ყოფილმა მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ პოროკურატურაში საჩივარი მიმდინარე წლის ივლისში, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე შეიტანა. ნიჟარაძემ, ისევე როგორც ტელეკომპანიის სხვა მეწილეებმა, ტელეკომპანიაში თავისი წილი სრულად დაკარგა სტრასბურგის 18 ივლისის გადაწყვეტილების შედეგად. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ძალაში დარჩა ქართული სასამართლოების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა.

ნიკა გვარამია ნიჟარაძის განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას ხელისუფლების მიერ მის მიმართ წარმოებულ დევნას უკავშირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი