ახალი ამბები

“ჯეოსელის” რეკლამის გამო “რუსთავი 2” და “იმედი” GNCC-მ წერილობით გააფრთხილა

5 თებერვალი, 2015 •
“ჯეოსელის” რეკლამის გამო “რუსთავი 2” და “იმედი” GNCC-მ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კანონში მაუწყებლობის შესახებ ნათქვამია, რომ “იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში” (63–ე მუხლის მეხუთე ნაწილი).

 

GNCC-ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ როგორც “იმედის”, ასევე “რუსთავი 2″–ის შემთევვაში გადაწყვეტილება სანქციის დაკისრების შესახებ ერთხმად არ ყოფილა მიღებული: კომისიის 3 წევრი მიემხრო გადაწყვეტილებას, ხოლო 2 – წინააღმდეგი იყო.

 

საქმის არსებითი განხილვა 28 იანვარს გაიმართა, სადაც იურისტმა თამთა მურადაშვილმა, რომელიც განხილვაზე რუსთავი 2-ს წარმოადგენდა, განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის ნაწილში ეს სამართალწარმოება არ იყო რელევანტური, რადგანაც ტელეკომპანიას კანონი არ დაურღვევია.

 

როგორც “რუსთავი 2″–ის იურისტმა მაშინ განაცხადა, რეკლამის შინაარსის შესახებ პასუხისმგებლობა რეკლამის დამკვეთს, “ჯეოსელს” უნდა დაკისრებოდა. ხოლო რაც შეეხება მაუწყებლობის შესახებ კანონის 63-ე მუხლის მეხუთე პუნქტს, “რუსთავი 2” არც ამ ნაწილში მიიჩნევდა თავს კანონდამრღვევად და აცხადებდა, რომ “ეს ნორმა არის მიმართული თვითონ იმ მაუწყებლების მიმართ, რომელთა ჟურნალისტებსა და წამყვანებსაც წარმომადგენენ ეს ადამიანები, ამიტომ ეს დავა და წარმოება უნდა ეხებოდეს მხოლოდ მათ, რომელთა ჟურნალისტებიც მონაწილეობდნენ ამ რეკლამაში და გაავრცელეს.”

 

რაც შეეხება ტელეკომპანია “იმედს”, განხილვაზე მათი წარმომადგენელის განცხადებით, “იმედმა”დარღვევა მისი აღმოჩენისთანავე აღმოფხვრა და კომისიას თხოვა, რომ ეს გარემოება მხედველობაში მიეღოთ. გარდა ამისა, “იმედის” წარმომადგენლის განცხადებით, “შესაბამისი დისციპლინური სახდელი დაეკისრა თანამშრომელს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ კლიპში”.

 

რაც შეეხება თავად “ჯეოსელის” პოზიციას, მისმა წარმომადგენელმა, ლევან გიორგაძემ საქმის არსებით განხილვაზე განაცხადა, რომ საუბარი იყო მათი მხრიდან მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევაზე, რომელიც “ჯეოსელზე” არ ვრცელდება.

 

“მაუწყებლობის შესახებ კანონით გათვალისწინებული სანქცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მაუწყებლებზე და ამ სფეროში ლიცენზიის მფლობელებზე. მაუწყებლობის შესახებ კანონი ჩვენზე არ ვრცელდება, შესაბამისადფ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ეს კანონი დავარღვიეთ, ვერანაირად ვერ გავიდა იმ ლოგიკურ დასასრულამდე, რასაც ქვია ჯეოსელის პასუხისმგებლობა,”– თქვა “ჯეოსელის” წარმომადგენელმა.

 

GNCC-ს ცნობით, „ჯეოსელი“ კომისიამ არასათანადო რეკლამის დამკვეთად მიიჩნია, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისი უფლებამოსილების არქონის გამო სანქცია ვერ დააკისრა.

 

28 იანვარსვე განიხილა კომისიამ “რადიო იმედის” მიერ იარაღის რეკლამის გაშვების საკითხიც.

 

კომისიის ცნობით, რადიო „იმედის“ ეთერში შპს „კულას“ დაკვეთით იარაღის რეკლამა იყო განთავსებული, რომელსაც შემდეგი შინაარსი ქონდა:

 

„კალიბრი გილოცავთ დამდეგ 2015 წელს და გთავაზობთ უპრეცედენტო აქციას – ბერეტას, ბენელის, გლოკის და ჩეზეს მარკის იარაღებს ყველაზე დაბალ ფასში, თუკი სხვა მაღაზიაში ნახავთ უფრო იაფ პროდუქციას, კალიბრი აგინაზღაურებთ სხვაობას, ყველა მყიდველი დასაჩუქრდება, ინფორმაციისათვის დარეკეთ…“

 

რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, აკრძალულია საბრძოლო იარაღის რეკლამის გავრცელება.

 

GNCC-ს ცნობით, კომისიამ რადიო „იმედი“ იარაღის რეკლამის განთავსების გამო  წერილობით გააფრთხილა. კომისიამ შპს „კულაც“ არასათანადო რეკლამის დამკვეთად მიიჩნია, მაგრამ სანქცია ამ შემთხვევაშიც ვერ გამოიყენა.

 

28 იანვარს, საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ, ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა, რომ ერთი მხრივ, კომპანიებმა დარღვევა, რაც არასათანადო რეკლამის ეთერში განთავსებას ეხებოდა, მყისიერად აღმოფხვრეს, თუმცა, მეორე მხრივ, “საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ კომისიას ავალდებულებს დარღვევის არსებობის შემთხვევაში საკითხის განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას.”

 

აბაშიძის თქმით, გადაწყვეტილება სანქცირებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი