ახალი ამბები

პროკურატურა “ინტერმედიის საქმეზე” გვარამიას დაკითხვას გეგმავს

1 აგვისტო, 2019 • 1162
პროკურატურა “ინტერმედიის საქმეზე” გვარამიას დაკითხვას გეგმავს

საქართველოს გენერალური პროკურატურა რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორ ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე იბარებს. საქმე ეხება წარსულში რ2-ისა და სარეკლამო სახლ “ინტერმედიის” ურთიერთობას, რომლის თაობაზეც პროკურატურას რ2-ის ყოფილმა მეწილემ, ნინო ნიჟარაძემ მიმართა.

“სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია რუსთავი2-ის ყოფილი დირექტორის, ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამავე თემაზე

დიქტატურა სხვა რაღაა? – გვარამია ახალ გამოძიებასა და პროკურატურაში მის დაბარებაზე

16 ივლისს რ2-ის 9%-იანი წილის ყოფილმა მფლობელმა ნინო ნიჟარაძე პროკურატურას მიმართა და სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, გამოძიების დაწყება მოითხოვა ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

როგორც ნიჟარაძის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი აცხადებს, გვარამიამ უფლებამოსილებას გადაამეტა და არხისთვის საზიანო გადაწყვეტილებები მიიღო. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ეს არხის ფინანსური დოკუმენტაციიდან ჩანს.

ნინო ნიჟრაძის პრეტენზია კვლავ რ2-ისა და სარეკლამო სახლ ინტერმედიის ურთიერთობას ეხება. ყავლაშვილის თქმით, ტელეკომპანიამ სარეკლამო სახლს კონტრაქტი ფიქსირებულ თანხაზე გაუფორმა, რაც არხის ინტერესებს არ შეესაბამებოდა და ამან ტელეკომპანია დააზარალა. ნიჟარაძის პოზიციაა, რომ რ2 თანხების აკუმულირებას ინტერმედიაში განზრახ აკეთებს.

რ2-ის ადვოკატები აცხადებენ, რომ ყავლაშვილი ტყუილს ამბობს, როდესაც ამტკიცებს, რომ ინტერმედიასთან ურთიერთობაში რ2 დაზარალდა. მათი თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე 2 დღით ადრე პროკურატურაში ამგვარი სარჩელის წარდგენა ხელისუფლების ხელწერაა.

“სრული ლუსტრირება მოახდინეს ჩვენი კომენტარის გარეშე”, – ამბობს თამთა მურადაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი