ახალი ამბები

ადვოკატები შიშობენ, რომ ხელისუფლება “ლანცეტის” დამფუძნებელს აზერბაიჯანს გადასცემს

1 აგვისტო, 2019 • 1251
ადვოკატები შიშობენ, რომ ხელისუფლება “ლანცეტის” დამფუძნებელს აზერბაიჯანს გადასცემს

კლინიკა “ლანცეტის” დამფუძნებლის, ფარმან ჯეირანლის ადვოკატები შიშობენ, რომ როდესაც 20 აგვისტოს მათი დაცვის ქვეშ მყოფი საპატიმროს დატოვებს, მაშინვე დააკავებენ და საექსტრადიციო პატიმრობას შეუფარდებენ, რათა აზერბაიჯანულ მხარეს გადასცენ. ამის შესახებ მათ მედიაცენტრ “მთავარში” პრესკონფერენციაზე დღეს, პირველ აგვისტოს განაცხადეს. 

ადვოკატები საუბრობენ, რომ ფარმან ჯეირანლი პოლიტმატიმარია და ეს შედის როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული ხელისუფლების ინტერესებში. მათი თქმით, აზერბაიჯანის მთავრობა ჯეირანლის მოიაზრებს როგორც ოპოზიციური პარტიების დამფინანსებელს, ხოლო ქართული მხარის ინტერესები კლინიკა “ლანცეტის” მიტაცების სურვილში გამოიხატება. 

“მისი სასჯელი იწურება 20 აგვისტოს და უნდა გამოვიდეს ეს კაცი. მაგრამ ახლა მას ახვედრებენ აზერბაიჯანის მხარის ახალ ბრალდებას, თითქოს მან ჩაიდინა ორგანოთა გადანერგვა გაყალბებული დოკუმენტებით. როდესაც 20 აგვისტოს გამოვა ეს ადამიანი, როგორც წესი, ასე ხდება, თუ რომელიმე ქვეყანა ითხოვს ექსტრადირებას და აქ მოიხდის რაღაც სასჯელს და გამოდის, მას აკავებენ ეგრევე ციხის კარებთან. გამოსვლა ეთვლება და იქვე დააკავებენ და უკან შეაბრუნებენ და დაიწყება საექსტრადიციო პატიმრობის ათვლა. მასზე საერთაშორისო ძებნაა ინტერპოლით”, – აცხადებს ჯეირანლის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი. 

ნიკოლაიშვილის თქმით, ადვოკატებმა ამ ბრიფინგით პრევენციული ზომები მიიღეს, რათა არ მოხდეს ექსტრადირება. იგი აღნიშნავს, რომ ჯეირანლი საქართველოს მოქალაქეა და კონსტიტუაცია კრძალავს საქართველოს მოქალაქის გადაცემას სხვა ქვეყნისთვის, მაგრამ არ გამორიცხავს ექსტრადირებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჯეირანლი აზერბაიჯანის მოქალქეცაა. 

ჯეირანლის კიდევ ერთი ადვოკატის თამარ ბოსტაშვილის თქმით, ჯეირანლი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირების შემთხვევაში მისი და მისი ოჯახის სიცოცხლე იქნება საფრთხის ქვეშ. მან პარალელი გაავლო აფგან მუხთარლის საქმესთანაც და აღნიშნა, რომ თავად მუხთარლიც საუბრობს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ჯეირანლის პოლიტმატიმრობაზე.

“უკვე ორი წელია ვამბობთ, რომ აფგან მუხთარლისა და ფარმან ჯეირანლის საქმე არის ერთი და იგივე. ამას მოწმობს აფგან მუხთარლის ჩვენებაც. Bastainfo-ისთვის მიწერილ წერილში იგი მიმართავს ევროსაბჭოსაც, რომ ფარმან ჯეირანლი არის რეალურად პოლიტმატიმარი”, – აცხადებს ბოსტაშვილი.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა საქართველოს პროკურატურას. როგორც პრესცენტში გვითხრეს, ჯეირანლის ექსტრადირების საკითხი ამ მომენტისთვის არ განიხილება. 

შეგახსენებთ, ფარმან ჯეირანლი 2017 წლის 22 მაისს დააკავეს. მას საქალაქო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით მიუსაჯა. მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ განაჩენი შეცვალა, თაღლითობის მუხლი სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით გადააკვალიფიცირა და 2 წლითა და 3 თვით მიუსაჯა პატიმრობა. აღნიშნული განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ და ადვოკატების ინფრომაციით, უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს საღამოს, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადებს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი