ადეიშვილი ბიზნესმენებს: უნდა დავივიწყოთ შიში, არცერთ ხელისუფლებაში არ ვაპირებ ყოფნას

რუსთავი 2-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ყოფილ იუსტიციის მინისტრთან, ზურაბ ადეიშვილთან, რომელიც თავს ამჟამად ბუდაპეშტს აფარებს, ინტერვიუ ჩაწერა და პირად იუტუბ-არხზე გამოაქვეყნა.

ორსაათიან ინტერვიუში ადეიშვილი საუბრობს თავის მთავარ შეცდომებსა და მიღწევებზე, ასევე, სამომავლო გეგმებზე. ნიკა გვარამიამ მას ასევე ჰკითხა, რას ეტყოდა იმ ბიზნესმენებს, რომლებსაც ახსოვთ და ეშინიათ მისი მმართველობის პერიოდის, რა დროსაც უწევდათ ბიზნესების გადაფორმება და ფულის გადახდა სახელმწიფოსთვის.

“საერთოდ უნდა დავივიწყოთ შიში. ადეიშვილი არცერთ მომავალ ხელისუფლებაში, არცერთ კონფიგურაციაში არ იქნება – ეს ერთი. მე ეს ნამდვილად აღარ მაინტერესებს”, – უთხრა ადეიშვილმა ნიკა გვარამიას, რომელიც წლების წინ მისივე მოადგილე იყო.

გვარამიამ ადეიშვილს ასევე ჰკითხა, თუ არა თანამდებობა და საჯარო პოლიტიკური ცხოვრება, რა სურდა მას საქართველოში, რაზეც ადეიშვილმა უპასუხა:

“საქართველოში მშვიდად ცხოვრება მინდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მინდა საგანმანათლებლო პროექტები. ჩემთვის მინდა ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში არ ვაკეთებთ – მონაწილეობა საგანმანათლებლო პროექტებში. მეტი არაფერი. სიამოვნებით დავაფუძნებდი კარგ სკოლას, უნივერსიტეტს, think thank-ს.”

ზურაბ ადეიშვილმა თავის შეცდომებს შორის დაასახელა ბიზნესმენებისთვის ფულისა და ქონების ჩამორთმევა, თუმცა, მისივე თქმთ, ეს ხმარდებოდა ისეთ საზოგადოებრივ სიკეთეებს, როგორიც იყო სიღნაღის მშენებლობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.