ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე აფხაზეთში სურკოვი ჩავიდა

1 აგვისტო, 2019 • 939
დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე აფხაზეთში სურკოვი ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი აფხაზეთშია. სურკოვი აფხაზეთს რამდენიმე კვირით ადრე ესტუმრა დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე [25 აგვისტო]. ადგილობრივ მედიას მასთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მიეცა.

ოფიციალური ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის შემდეგ, სურკოვმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ვალერი ბგანბასთან ერთად გაგრისა და გუდაუთის რაიონებში ის სამშენებლო ობიექტები მოინახულა, რომლებიც რუსეთის ფინანსური დახმარებით საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში კეთდება.

მათ შორის იყო აღდგენილი ელექტრო-ქვესადგური “გაგრა 1”, რომელსაც აფხაზური მხარის ინფორმაციით, გაგრის რაიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც მისი რეკონსტრუქციის შემდეგ სიმძლავრე გაორმაგდა. ასევე, გუდაუთის რაიონში მდებარე სკოლა.

“თანამშრომლობის ძალიან კარგი ფაზა გვაქვს, ხელისუფლების ყველა სტრუქტურა ძალიან კონსტრუქციულად, პროფესიონალურად არის მომართული. ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს ეკონომიკურ სფეროში. შედეგები გვაქვს და ისინი სასიხარულოა”, – ამბობს სურკოვი ხაჯიმბასთან საუბარში.

2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამასთან ერთად, სურკოვმა და აფხაზურმა მხარემ, ოფიციალური ცნობით, 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის საკითხებიც განიხილეს.

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი