სიდას პასუხი

“დახმარების მომზადებაში კარლ ბილდტი ჩართული არ ყოფილა, სიდა დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც თვითონ იღებს თავის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს”, – ასე პასუხობენ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში [სიდა] გოგა ხაინდრავას მიერ წარმოთქმულ ბრალდებას იმის შესახებ, რომ შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ შემუშავებული გლობალური კორუფციული სქემის საფუძველზე შვედეთიდან საქართველოში სიღარიბის დაძლევის პროგრამაზე შემოსული თანხები არასამთავრობო სექტორზე ნაწილდებოდა.

ეს ბრალდება გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაცემა “იმედის კვირაში” ჩართვისას გაახმოვანა. მისი თქმით, იგი ეყრდნობა შვედურ გაზეთში, “აფტონბლადეტში” გამოქვეყნებულ მასალებს საქართველოში სიდას საქმიანობის შესახებ, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ სიღარიბის დაძლევის პროგრამის მიზნით გათვალისწინებული 95 მილიონი კრონა (დაახლოებით 12 მილიონი აშშ დოლარი) NDI-ს, ევრაზიის ფონდსა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს ერიცხებოდათ, რაც შემდეგომ სხვადასხვა ქართულ არასამთავრობოზე, მათ შორის “სამართლიან არჩევნებსა” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოზე” ნაწილდებოდა. მისი თქმით, სწორედ სიღარიბის პროგრამისათვის გათვალისწინებული თანხებით ხორციელდებოდა ისეთი ქმედებები, როგორიცაა “ნავაროს კვლევა”, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დარჩენას უწყობდა ხელს.

შვედეთის საელჩომ საქართველოში ხაინდრავას განცხადებებზე კომენტირებისაგან თავი შეიკავა:

“არ ვაკეთებთ კომენტარს იმის გამო, რომ მივიჩნევთ: ყველაფერი, რასაც სიდა აფინანსებს საქართველოში, არის სრულიად გამჭვირვალე და ის ჩვენს ვებგვერდზეც დევს”, – გვითხრეს საელჩოში.

ნეტგაზეთის დაუკავშირდა სიდას მთავარ სტოკჰოლმის ოფისს, საიდანაც ევროპისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის ასისტენტი ელზა ჰაშტადი გამოგვეხმაურა:

“NDI-სა და EPF-ის მხარდაჭერა საქართველოში სიდას ორმხრივი პროგრამის ნაწილი იყო, რომელიც მიზნად დემოკრატიის გაზრდას, სიტყვის თავისუფლებას, პოლიტიკასა და სამოქალაქო აქტივიზმში (მათ შორის ახალგაზრდულ პროგრამებში) ქალთა მონაწილეობის გაზრდას ითვალისწინებდა.

ამ დახმარებას ამზადებდა და აანალიზებდა [სიდას] გუნდი, რომელიც საქართველოში [შვედეთის] საელჩოში მუშაობს”, – აცხადებს ელზა ჰაშტადი ჩვენთან საუბარში. კითხვას, რამდენად მოდის სიდას მიზნებთან შესაბამისობაში ის პროექტები, რომელიც საქართველოში განხორციელდა, იგი ასე პასუხობს:

“სიღარიბის დაძლევა მიიღწევა გენდერული თანასწორობის,  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებით, შესაბამისად, ამ ორგანიზაციების მხარდაჭერა სწორედაც რომ  შეესაბამება სიდას ზოგად მიზანს.  სიღარიბის დეფინიცია სწორედაც რომ არის განათლების ნაკლებლობა, ფინანსური მნიშვნელობა და მართლმსაჯულების ნაკლებობა

სიდა ენდობა იმ შედგებს, რომელთაც NDI-მ და EPF-მ მიაღწიეს. სიდა ასევე ამაყობს იმით, რასაც ჩვენ გენდერული თანასწორობის, გარემოს დაცვისა და მდგრადი დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერით მივაღწიეთ საქართველოში”.

  

“არ მაინტერესებს”

   

იცოდა თუ არა გოგა ხაინდრავამ, რომ შვედეთი სიდას მეშვეობით არასამთავრობო სექტორთან ერთად საქართველოს ხელისუფლებასაც აფინანსებს და რომ, მაგალითად, მთავრობას მხოლოდ 2013 წელს სიდასგან 3,5 მილიონი აშშ დოლარი აქვს მიღებული? – რეჟისორი აცხადებს, რომ ეს საკითხი არ აინტერესებს.

  

“ეგ მე არ მაინტერესებს. საქართველოს ხელისუფლება რას აკეთებს არ ვიცი, არანაირი კავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან არ მაქვს. მე ვთქვი, რომ ესენი [არასამთავრობოები] ლეგალურად იღებდნენ ფულს, ლეგალურად. არ მითქვამს, რომ არალეგალურად, მე ისინი არ დამიდანაშაულებია კორუფციაში, მე ვთქვი, რომ ეს იყო გლობალური, დიდი კორუფციული თემა მოყოლებული 2006 წლიდან, როდესაც ბილდტი მოვიდა შვედეთში და ისინი [არასამთავრობოები] ნებსით თუ უნებლიედ ამ სქემაში ისხდნენ”, – აცხადებს იგი ნეტგაზეთთან საუბარში.

 

არის თუ არა ის ფაქტი, რომ სიდა მთავრობასაც უწევს მხარდაჭერას, ხაინდრავას განცხადების გამაბათილებელი კონტრარგუმენტი? – ხაინდრავა გვპასუხობს, რომ ეს საკითხი არ აინტერესებს და ეს ჩვენ, კორესპონდენტებმა უნდა გავარკვიოთ:

 

“მე არ მაინტერესებს საერთოდ. ეგ თქვენი საქმეა და არგუმენტებად თქვენ გამოიყენეთ. რაც მე ვთქვი, ის ვთქვი შვედურ პრესაში გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით, არც მეტი მითქვამს და არც ნაკლები. დანარჩენი თქვენ, როგორც კორესპონდენტმა, იძიეთ რამდენიც გნებავთ”.

 

“აფტონბლადეტ”-ის სტატია

 

ამ შვედურმა გაზეთმა, რომელსაც გოგა ხაინდრავა ეყრდნობა, საქართველოში სიდას საქმიანობას რამდენიმე სტატია მიუძღვნა საჯარო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით და დაწერა, რომ შვედეთის ბიუჯეტის ფული საქართველოში ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოების ხელშემწყობი სატელევიზო თოქ-შოუების დაფინანსებას, ასევე სხვადასხვა მედიასაშუალებებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას ხმარდებოდა.

 

 რის გამოძიებას აპირებს შვედეთის საკონსტიტუციო კომიტეტი

 

 გოგა ხაინდრავამ, მისი თქმით, სწორედ ამ გაზეთზე დაყრდნობით განაცხადა, რომ შვედეთის საკონსტიტუციო კომიტეტი სიდას საქმიანობის შესწავლას აპირებს, რადგან მისმა ერთ-ერთმა წევრმა სარჩელი შეიტანა. სიდაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:

  

“არა. შვედეთში არსებობს მკაცრი ხაზი მინისტრებსა და ორგანოებს შორის და საკონსტიტუციო კომიტეტი შვედეთის პარლამენტში აპირებს გამოიძიოს, განვითარების ყოფილი მინისტრი გუნილა კარლსონი მოქმედებდა თუ არა საკუთარი მანდატის ფარგლებში, როგორც მინისტრი, თუმცა ეს გამოძიება საერთოდ არ ეხება სიდას”, – გვითხრა ელზა ჰაშტადმა.

 

“აფტონბლადეტ”-ის სტატიაში კი აღნიშნულია, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული მასალების შემდეგ ერთ-ერთ შვედ დეპუტატს კითხვები გაუჩნდა, ხომ არ იყო ჩართული და დაინტერესებული მხარე განვითარების ყოფილი მინისტრი კარლსონი სიდას მიერ EP-თან დადებულ ხელშეკრულებაში და სწორედ ამიტომ მოითხოვა, რომ პარლმანეტის საკონსტიტუციო კომიტეტმა, რომელიც ყოფილი და მოქმედი მინისტრების საქმიანობას სწავლობს, კარლსონის პროცესში მონაწილეობით დაინტერესდეს.

  

“შემოწმების თვალსაზრისით საკონსტიტუციო კომიტეტის არეალი შეზღუდულია. მთავრობას აკისრია პასუხისმგებლობა, რომ უწყებებმა მიზნობრივად ხარჯონ გამოყოფილი თანხები – ამას საკონსტიტუციო კომიტეტი ვერ შეისწავლის, მაგრამ ეს შეუძლია  აუდიტის სამსახურს და პროკურატურასაც”, – წერს აფტონბლადეტი.

 

 რა არის სიდა?

სიდა შვედეთის მთავრობის სააგენტო, იგივე ერთგვარი ფონდია, რომლითაც მსოფლიოს 33 ქვეყანას ეხმარება. ორგანიზაციის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ მას 3 მისია აქვს, მათ შორის ღარიბი ქვეყნების მხარდაჭერა, ჰუმანიტარული საქმიანობა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის დახმარების გაწევა რეფორმების განხორციელების საკითხში.

უშუალოდ საქართველოს რაც შეეხება, სიდას ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ შვედეთის დახმარება ამ ქვეყნის მიმართ სამ სექტორზე ფოკუსირდება:

1. დემოკრატია, ადამიანის ფლებები და გენდერული თანასწორობა

2. გარემოს დაცვა

3. ბაზრის განვითარება

სიდას ვებგვერდზვე წერია, რომ სწორედ ამ პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია საარჩევნო თემატიკაც, რაზეც განცხადება ხაინდრავამ გააკეთა:

“ჩვენ მხარს ვუჭერთ რამდენიმე სამთავრობო ინსტიტუციას ისეთ სფეროებში, როგორიცაა საჯარო ფინანსური მენეჯმენტი, საჯარო დოკუმენტაციის რეგისტრაცია და კადასტრი.

სამოქალაქლო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერით როგორიც, EPF და შვედური Kvinna till Kvinna-ა,  სიდა უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.

 

გარდა ამისა, გაეროსთან ერთად შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით. დახმარება მიმართულია პარლამენტის, სამთავრობო სააგენტოებისა და სამოქალაქო საზოგადოებისაკენ.

 

რამდენიმე პროექტი მხარდაჭერილია სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში. ეს საქმიანობა ფოკუსირებულია სიღარიბესთან დაკავშირებულ საკითხებზე და ძირითადი სამიზნეა სოფლის პირობებში მცხოვრები ქალის და ბავშვის განათლება და ჯანდაცვა.

 

სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის უკეთესი წინაპირობის შექმნა საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ ერთი მიმართულებაა. NDI-სთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ ამომრჩევლის რეგისტრირების პრაქტიკის გაუმჯობესებაზე, საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლებაზე და პოლიტიკურ პარტიებზე”, – ვკითხულობთ სიდას სტრატეგიაზე საქართველოსთან მუშაობის თვალსაზრისით, რომელიც 2010-2013 წლებზე იყო გათვლილი.

 

არასამთავრობოების პასუხი

ხაინდრავას “იმედის კვირაში” ჩართვას წინ უსწრებდა იმავე არხზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ “მოქალაქის” დაკვეთით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის ნინო ლომჯარიას, კახა კოჟორიძესა და ეკა გიგაურზე კვლევა მზადდება, რომელიც ამ პირების მიმართ არაერთ შეკითხვას გააჩენს. არასამთავრობო სექტორმა ეს ორი განცხადება, რომელსაც შემდგომში კიდევ 35 ორგანიზაციის ერთობლივი განცხადება დაემატა, მესამე სექტორის დისკრედიტაციის მცდელობად აღიქვა.

“სამართლიანმა არჩევნებმა” განაცხადა, რომ მათ, საერთო ჯამში, 1995 წლიდან  დღემდე, ორგანიზაციის არსებობის 20 წლის განმავლობაში SIDA-ს არაპირდაპირი დაფინანსების სახით მიღებული აქვს 106 370 დოლარი და არა 2-4 მილიონი, რასაც ხაინდრავა ამბობდა, თან ISFED-ის განმარტებით, არც ერთი პროექტი არ ყოფილა პოლიტიკური ხასიათის კვლევა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ კი ხაინდრავა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა:

“იმედის კვირის ეთერში გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, რომ შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტისა და საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კორუფციული სქემების შესახებ შვედური მედია საუბრობს. სინამდვილეში, ამ თემაზე მხოლოდ ერთმა შვედურმა გაზეთმა, ტაბლოიდმა Aftonbladet-მა დაწერა, რომლის წყაროც თავად ხაინდრავა იყო. შესაბამისად, იმედის კვირაში გაკეთებული ცრუ განცხადებისას ხაინდრავა საკუთარ თავს ეყრდნობა, რითიც შეცდომაში შეჰყავს მაყურებელი, თითქოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მისგან დამოუკიდებელი წყაროც არსებობს. ტაბლოიდის დაბეჭდილ სტატიაში კარლ ბილდტი გამოცემას პასუხობს და აცხადებს, რომ ეს ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება”.

“ბოლო პერიოდში ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მისამართით გახშირდა ისეთი განცხადებები და ქმედებები, რაც ახდენს არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას”, – ეს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის განცხადების ფრაგმენტია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *