ახალი ამბები

ადვოკატისგან განსხვავებით, სახელმწიფო წარმომადგენელი საქმეს არ ირჩევს – მესხორაძე

31 ივლისი, 2019 •
ადვოკატისგან განსხვავებით, სახელმწიფო წარმომადგენელი საქმეს არ ირჩევს – მესხორაძე

ლევან მესხორაძე, რომელიც 2008-2016 წლებში იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი იყო და წარმოადგენდა სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შორისაა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე გასაუბრებაზე მესხორაძეს ჰკითხეს, მას შემდეგ, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ სიცოცხლის უფლების ნაწილში დაადგინა პროცედურული დარღვევა, სხვა თვალით ხომ არ უყურებს იმ პოზიციას, რომელსაც სახელმწიფო წარმოადგენდა.

“სახელმწიფო აგენტი-წარმომადგენლის  ფუნქცია არის ქვეყნის სამართლებრივი ინტერესების დაცვა. ის ჩვეულებრივი ადვოკატისგან განსხვავებით, არ ირჩევს საქმეს – ის არის ვალდებული დაიცვას ქვეყნის ინტერესები ევროპული სასამართლოს წინაშე. ევროპულ სასამართლოში ბედნიერი ადამიანები არ ასაჩივრებენ, ასაჩივრებენ ის ადამინები, რომლებიც თავს მძიმე დარღვევების მსხვერპლად მიიჩნევენ. აქედან გამომდინარე, თუ ევროპულ სასამართლოში ვინმე, რომლის მდგომარეობა სამართლებრივად არ არის მძიმე, წაიღებს საქმეს, ეს საქმე ჩემამდე არ მოვიდოდა და არ მიდის სახელმწიფომდე. ამიტომ სახელმწიფოს უწევს ევროპულ სასამართლოში საკმაოდ მძიმე საქმეების ადვოკატირება და საკუთარი ინტერესების დაცვა”, – განაცხადა მესხორაძემ.

მესხორაძის თქმით, მისი უპირველესი მანდატი, პრაქტიკა და სტრატეგია არ შემოფარგლებოდა საქმეებზე მხოლოდ სამართლებრივი ინტერესების დაცვით და ცდილობდა დაეცვა ბალანსი ადამიანის უფლებებსა და სახელმწიფოს სამართლებრივ ინტერესებს შორის.

“როცა 2008 წელს მოვედი ამ დეპარტამენტში სახელმწიფო წარმომადგენლის რანგში, ვნახე, როგორ იზრდებოდა საქმეთა რაოდენობა. შეიცვალა სტრატეგია და პარალელურად სახელმწიფო ინტერსების დაცვისა, ჩვენს უპირველეს მოვალეობად იქცა  ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის, მიმდინარე საქმის ფარგლებში პრობლემების იდენტიფიცირება და პრევენციაც. ევროპულ სასამართლოში საქმის განხილვას წლები სჭირდება და თუ დაველოდებით, შეიძლება რამდენიმე ათეული დარღვევა დაფიქსრდეს. ამიტომ მნიშნელოვანია, რომ მივიღოთ გარკვეული ღონისძიებები ამ დარღვევების პრევენციისთვის. ჩვენი მთავარი პრინციპული პოზიცია იყო, დაგვეცვა ბალანსი ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლებრივ ინტერესებს შორის, რასაც ადვოკატირებას ვუწოდებთ”, – განაცხადა მესხორაძემ.

კონკრეტულად მისი როლი გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში, მესხორაძის თქმით, “ბევრად მეტი იყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში, ვიდრე სამართალწარმოების ფარგლებში”.

“ამას იმიტომ კი არ ვამბობ, თავს ვარიდებ პასუხისმგებლობას, პასუხს ვაგებ, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს საქმე. სახელმწიფო აგენტისთვის მთავარია არა საქმის სირთულე, არამედ რამდენად პროფესიონალურად და ეთიკურად დაიცავს ის სახელმწიფო ინტერესებს. ეს არის წყალგამყოფი. გირგვლიანის საქმეზე ექსპერტიზა გავაკეთე 2012 წლის ბოლოს, დავალება მქონდა აღსრულებაზე და, მოგეხსენებათ, აღსრულება დასრულებულია და მაღალი თანადებოების პირები არიან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემული”, – განაცხადა მესხორაძემ.


ლევან მესხორაძეს 2008-2016 წლებში ეკავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია. სტრასბურგის სასამართლოს წინაშე მისი მონაწილეობით წარმართულ საქმეებს შორისაა   საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I) – ე.წ. „დეპორტაციების საქმე“; საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) – ე.წ. „აგვისტოს ომის საქმე“; აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ეხებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე
მუხლის (ქურდული სამყაროს წევრობა) შესაბამისობას ადამიანის უფლებათა ევროპულ
კონვენციასთან; გოგიტიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ეხებოდა ადმინისტრაციული კონფისკაციის სისტემას.

ლევან მესხორაძე 2017 წელს მონაწილეობდა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევ კონკურსშიც. ამჟამად არის ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი, რომელიც სახალხო დამცველის აპარატის, როგორც ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის, ინსტიტუციური გაძლიერებაზე და ამ მიზნით სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების კოორდინაციაზე მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი