ახალი ამბები

EBRD დამატებით 110 ახალ ავტობუსზე აცხადებს ტენდერს – კალაძე

31 ივლისი, 2019 • 1519
EBRD დამატებით 110 ახალ ავტობუსზე აცხადებს ტენდერს – კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) ახალ ტენდერს გამოცხადებს 110 ავტობუსის შესყიდვაზე.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ეს იქნება ევრო 6-ის სტანდარტის გაზზე მომუშავე 12-მეტრიანი ავტობუსები.

ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გვინდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად მოვაწესრიგოთ და ეს ყვითელი ავტობუსები, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენლს გამონაბოლქვის და კომფორტის თვალსაზრისით, უნდა ჩავანაცვლოთ. ჩვენი ქალაქის მოსახლეობა იმსახურებს ახალ და კომფორტულ ავტობუსებს. ამას ჩვენ აუცილებლად მოვაწესრიგებთ და მოვაგვარებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე 24 ივლისს სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ISUZU-ს ქარხანას ეწვია და თბილისისთვის განკუთვნილი 8-მეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა.

დედაქალაქის მერის თქმით, ავტობუსების პირველი პარტია თბილისში სექტემბრისთვის შემოვა.

“ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში იყოს ყველაზე სწრაფი და კომფორტული. ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. ამისთვის მნიშვნელოვანია ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწყობა. ყველა საგზაო პროექტში გათვალისწინებულია ზოლები ავტობუსებისთვის, რათა ისინი თავისუფლად, საცობების გარეშე გადაადგილდნენ.

იცით, რომ „მანის“ ტიპის 90 ერთეული ავტობუსი უკვე შევიძინეთ. მათგან 50 ერთეული ჩამოსულია და მოსახლეობას ემსახურება. „მანს“ გარკვეული შეფერხებები ჰქონდა წარმოებაში. ველოდებით კიდევ 40 ერთეულ ავტობუსს, რომელიც აგვისტოს ბოლოსთვის უნდა შემოვიდეს. რაც შეეხება ISUZU-ს, ეს არის 8-მეტრიანი 220 ერთეული ავტობუსი, რომლის პირველი პარტია სექტემბერში შემოვა და მისი შემოყვანა წლის ბოლომდე დასრულდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დედაქალაქის მერი შეხვდა ISUZU-ს მწარმოებელი თურქული კომპანიის, Anadolu Group-ის ხელმძღვანელს თუგრუნ არიკანს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯი თი გრუპს“ შორის 220 ახალი, EURO 6-ის სტანდარტის, 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 24 აპრილს გაფორმდა.

ISUZU-ს მარკის 8-მეტრიან ავტობუსები გათვლილი იქნება 53 მგზავრზე და სრულად ადაპტირებული შშმ პირთათვის.

მერიის ინფორმაციით, ავტობუსებში უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და WiFi.

თბილისში 69 მლნ ლარის ღირებულების ISUZU-ს მარკის 220 ავტობუსს შემოიყვანენ

მასალების გადაბეჭდვის წესი