ახალი ამბები

600 ათასი ევროს გაურკვეველი მომავალი – არის თუ არა რუსეთიდან ფრენების დაფინანსება გამოსავალი

31 ივლისი, 2019 • 1815
600 ათასი ევროს გაურკვეველი მომავალი – არის თუ არა რუსეთიდან ფრენების დაფინანსება გამოსავალი

რუსეთის მხრიდან დაწესებული ტურისტული ემბარგოს კვალდაკვალ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 600 ათასი ევროთი (2 მილიონამდე ლარი) დააფინანსოს რუსეთიდან საქართველოში ერევნის გავლით ჩამოსვლის მსურველი ავიამგზავრები. არის თუ არა ეს ნაბიჯი გამოსავალი ტურისტულ სფეროში შექმნილი კრიზისიდან? ღირს თუ არა დამატებითი რესურსების დახარჯვა არასტაბილურ ბაზარზე, კონკრეტულად როგორ დაიხარჯება ეს ფული და რატომ მოითხოვა ქართულმა “Georgian Airways-მა” დახმარება საქართველოს მთავრობისგან? ნეტგაზეთი ამ საკითხების გარკვევას შეეცადა.

მას შემდეგ, რაც რუსეთიდან ფრენების დაფინანსებაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რუსეთის ტურიზმის ინდუსტრიის გაერთიანებამ განაცხადა, რომ სუბსიდირების მიუხედავად (მგზავრზე 90 ევრო) რუსული ტუროპერატორები საქართველოს მიმართულებით ტურებს მაინც არ გაყიდიან. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, ეს შეთავაზება მისაღები  იყოს იმ დამოუკიდებელი მგზავრებისთვის, ვისაც საქართველოში ჩასვლა ერევნის გავლით სურს.

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია სიდამონიძის თქმით, მისთვის უცნობია, რუსული ტუროპერატორების მსგავსი განცხადების პირობებში როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება იმ რუსი ტურისტების მობილიზებას, რომლებიც ამ შეთავაზებით ისარგებლებენ.

როგორც ტურიზმის ექსპერტი და კომპანია „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი ნეტგაზეთს ეუბნება, რუსეთიდან ძირითადად ჩამოდის თვითორგანიზებული ტურისტი, შესაბამისად, რუსი ტურისტები სააგენტოებისგან დამოუკიდებლად ჩამოვლენ.

ასევე ფიქრობს Georgian Airways-ის კომერციული დირექტორის მოადგილე თამუნა თანდაშვილიც. როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, რუსეთში მგზავრების შეგროვება პრობლება არ იქნება, რადგან იქ ტურისტების უმეტესი ნაწილი თვითორგანიზებულია, ანუ თავად იღებს გადაწყვეტილებას ავიაბილეთის შეძენაზეც და მარშრუტზეც.

რამდენად სწორია რუსეთიდან ფრენების დაფინანსება 600 ათას ევრომდე

“საბიუჯეტო სახსრები მიმართულია ანტისახელმწიფოებრივ საქმეზე,” – ასე აფასებს მაია სიდამონიძე მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსეთის მიმართულებით ფრენები დაფინანსდება.

სიდამონიძის აზრით, თუ მთავრობას სურდა, მოკლევადიან პერიოდში მიეღო შედეგი, ამ თანხის დახარჯვა მეზობელ ან/და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც შეეძლო.

“ბოლო პერიოდში ტურიზმის სექტორის რუსეთზე დამოკიდებულება გაიზარდა იმიტომ, რომ აქ მილიონობით ლარი იხარჯებოდა. ბოლო პრეცედენტმა, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რა ეკონომიკური მანიპულაციები ხდება რუსეთის მხრიდან, გვაჩვენა ის, რომ მიზნობრივი ბაზრების მაქსიმალური დივერსიფიცირება უნდა მოვახდინოთ. აქედან გამომდინარე, ისევ ამ ბაზარზე ფულის დახარჯვა არარელევანტური გადაწყვეტილებაა. ზოგადად, სუბსიდირებას არ ვემხრობი, რადგან ბაზარს კლავს და აზარმაცებს. მოთხოვნის სტიმულიზაცია მარკეტინგული ხერხებით უნდა ხდებოდეს. ამასთან, მაქსიმალურად უნდა მოვიზიდოთ ახალი ავიაკომპანიები, რათა ახალ ბაზრებზე წვდომა გვქონდეს,” – ამბობს სიდამონიძე.

მისივე თქმით, უფასო ბილეთების შეთავაზების პირობებში საქართველოში უკრაინიდან, მოლდოვიდან, ბელორუსიიდან და სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოვიდოდნენ ტურისტები. სიდამონიძე ამბობს, რომ მარკეტინგულ კამპანიებში ფული უნდა დახასრჯულიყო იმ ქვეყნებში, საიდანაც საქართველოში პირდაპირი რეისები სრულდება და რომლის მოქალაქეებსაც არ სჭირდებათ საქართველოს ვიზა.

ტურიზმის ექსპერტი და კომპანია „ჰელისკი ჯორჯიის“ დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ სახელმწიფოს ამ შეთავაზებით დაახლოებით 6 500 ადამიანი ისარგებლებს. ის იზიარებს რუსული ტურისტული კომპანიების მოსაზრებას, რომ რუსი ტურისტები საქართველოში ძირითადად თვითორგანიზებით ჩამოდიან. მისივე თქმით, რუსეთიდან ფრენების სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხა სხვა ქვეყნებში მარკეტინგზე რომ დახარჯულიყო, ქვეყანას მოკლევადიან ეფექტს არ მისცემდა, რადგან მარკეტინგულ კამპანიას ეფექტი ერთწლიან ჭრილში აქვს: “წელს დავხარჯავთ, მომავალ წელს კი ტურისტები ჩამოვლენ”.

“ვისაც საქართველოს მიმართულებით ნაყიდი ჰქონდათ ბილეთები და გაუუქმდათ, ახლა ისინი ახალ ბილეთებს ვეღარ ყიდულობენ, რადგან ახალი ბილეთები აღარ არის, ტრანზიტული ბილეთები კი ძვირია. ამიტომ უწევთ მთლიანად გააუქმონ საკუთარი მოგზაურობა. მნიშვნელოვანია, რომ აქ ორგანიზაბულ ტურიზზმე საუბარი არ არის. აქ იგულისხმებიან ისინი, ვისაც, მაგალითად, ბათუმში airbnb-ზე აქვს აგვისტოსთვის ან სექტემბრისთვის დაჯავშნილი ბინა. ამით მათ საშუალება ექნებათ, ეს ჯავშანი აღარ გააუქმონ.  ამ კუთხით მთავრობის ეს გადაწყვეტილება გამართლებულია. თუმცა მიდგომა, რომ ბიუჯეტიდან გარკვეული თანხის სანაცვლოდ ისევ რუსეთიდან უნდა შემოვიყვანოთ ტურისტები, არასწორია. ეს რისკის მატარებელი ბაზარია და, როგორც ვნახეთ, ერთი ხელის მოსმით ჩაიკეტა. თუ სუბსიდირება გვინდოდა, სხვა ქვეყნებს რომ თავი დავანებოთ, ბელორუსი იქნებოდა ბევრად უფრო ეფექტიანი, ვიდრე რუსეთი,” – ამბობს ასათაშვილი.

 რატომ სთხოვს Georgian Airways დახმარებას მთავრობას 

Georgian Airways-ის კომერციული დირექტორის მოადგილე თამუნა თანდაშვილი ამბობს, რომ რუსული ტურისტული ემბარგოს შედეგად ქართულმა ავიაკომპანიამ 25 მილიონი ლარი იზარალა. სწორედ ამას უკავშირებს ის მთავრობისთვის დახმარების მიზნით მიმართვას.

როგორც თანდაშვილი ამბობს, ტურისტული ემბარგოს დაწესების შემდეგ (2019 წლის ივნისიდან) საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ავიაკომპანიებთან შეხვედრებს მართავდნენ, რათა მიეღოთ ინფორმაცია,  კონკრეტულად რა ზარალზე იყო საუბარი. თანდაშვილის თქმით, მთავრობის მიერ რუსეთიდან ფრენების დაფინანსება სუბსიდირება კი არა, რეალურად, სტიმულირებაა. იგივეს ირწმუნება ეკონომიკის სამინისტროც.

საქართველოს მთავრობა 600 ევროთი დააფინანსებს იმ ავიაკომპანიას, რომელიც ერევნის გავლით თბილისსა და მოსკოვს დააკავშირებს. თამუნა თანდაშვილი არ პასუხობს კითხვას, იქნება თუ არა Georgian Airways კონტრაქტორი, რომელიც ამ თანხას მიიღებს. მისივე თქმით, Georgian Airways ერევნის გავლით მოსკოვის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს მთავრობის დადგენილების მიღებამდე ახორცილედებდა.

“Georgian Airways თანამშრომლობს ავიაკომპანია არმენიასთან. სწორედ ამან მოგვცა საშუალება ალტერნატიული გზით, სატრანზიტო მიმართულებით დაგვენიშნა ფრენები. ანუ ყველანარი დახმარების გარეშე, ჩვენს კომპანიას მყისიერი რეაგირება ჰქონდა. ამის შემდეგ პროცესი ძალიან რთული იყო, რადგან 40 ათასი მგზავრს [ვისაც ბილეთი წინასწარ ჰქონდა ნაყიდი] უნდა დაუკავშირდე და გაიგო, რა სურს. ისევ ჩამოვა, არ ჩამოვა, თარიღს შეცვლის და ა.შ. ამას სჭირდება ძალიან დიდი რესურსი და მთელი ეს რესურსი, რაც ავიაკომპანიას სხვა მიმართულებებზე ჰქონდა განსაზღვრული , ამ ეტაპზე აქეთ წამოვიდა. ამან საოპერაციო ნაწილში შეფერხება გამოიწვია. შედეგად ონლაინ გაყიდვები 30%-ით შეგვიმცირდა”, – უთხრა Georgian Airways-ის კომერციული დირექტორის მოადგილემ ნეტგაზეთს.

მისივე განმარტებით, ავიაკომპანიამ სწორედ შექმნილი ვითარების გამო დაიწყო მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასთან და სხვა ავიაკომპანიებთან ერთად წარადგინა სტრატეგიული გეგმა.

თუმცა ბაზარზე ამჟამად, Georgian Airways-ის გარდა, მხოლოდ ერთი ქართული კომპანია MyWay Airlines ოპერირებს, რომლებიც რუსეთის მიმართულებით არ დაფრინავს.

“ბუნებრივია, ერთ დღეში სხვა ალტერნატივით ჩანაცვლება ასეთი ტრადიციული მიმართულების [რუსეთის] ვერ მოხდება. სახელმწიფომ განიხილა ის შეთავაზებები, რაც კერძო სექტორს ჰქონდა. აქ საუბარია არა მხოლოდ ავიაკომპანიებზე, არამედ სასტუმროებზე, ტურისტულ კომპანიებზე და სხვა. მთავრობამ ამ შეთავაზებებიდან გააკეთა არჩევანი და ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რაც ყველაზე ნაკლებ ზიანს მიაყენებდა ტურისტულ ბაზრებსა და ასევე შეინარჩუნებდა ტრადიციულ მიმართულებებსაც.

ამ ეტაპზე Georgian Airways-სა და სახელმწიფოს შორის მიდის მოლაპარაკება. ვაწოდებთ ინფორმაციას ყოველდღიური საოპერაციო მდგომარეობის შესახებ. ამასთან, რომელ ბაზრებზე იკვეთება უფრო მეტი პოტენციალი და სომხეთის გამოყენებით რა ოდენობის მგზავრის წამოყვანა შეიძლება რუსეთიდან და საქართველოდანაც”, – უთხრა ნეტგაზეთს თამუნა თანდაშვილმა.

ვის და რა პირობით მისცემს საქართველოს ხელისუფლება ფულს

მთავრობის დადგენილებით, დაგეგმილია, რომ გაფორმდეს „პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულება“ ავიაკომპანიასთან, რომელიც თბილისის ან ბათუმის აეროპორტიდან რუსეთში გაფრინდება ერევნის გავლით და პირიქით, რუსეთიდან ერევნის გავლით საქართველოში ჩაფრინდება. ამისთვის დაიხარჯება 600 ათასი ევრო. 

ავიაკომპანიებთან ხელშეკრულებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გააფორმებს. ნეტგაზეთს უწყებაში უთხრეს, რომ ხელშეკრულების გაფორმების თხოვნით მათთვის ამ დრომდე არცერთ ავიაკომპანიას არ მიუმართვს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ “პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულების  სტიმულირების” ხელშეკრულების გაფორმების თხოვნით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ერთზე მეტი ავიაკომპანია მიმართავს და ყველა მათგანი მოთხოვნილ პირობებს დააკმაყოფილებს, ხელშეკრულება იმ კომპანიას გაუფორმდება, ვინც განაცხადს პირველი შეიტანს. კონტრაქტორი კომპანია ვალდებული იქნება, ერთი წლის განმავლობაში, სულ მცირე, კვირაში ორჯერ სატრანზიტო მიმართულებაზე ფრენები შეასრულოს. 

ეკონომიკის სამინისტრო ბიუჯეტიდან კონკრეტულ მიმართულებების დაფინანსებას 20 ივნისის მოვლენებით ხსნის, რასაც ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება მოჰყვა, რომელმაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა საქართველოს მიმართულებით საჰაერო გადაყვანები, მათ შორის, კომერციული ხასიათის.

სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ავიამიმოსვლის შეჩერებით საავიაციო ბიზნესი დაზარალდა. აქედან გამომდინარე, მთავრობამ სექტორის “სტიმულირების პაკეტი” შეიმუშავა. უწყების განმარტებით, “სტიმულირების პაკეტი” გულისხმობს ფრენების დაფინანსებას არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ლონდონისა და ბრიუსელის მიმართულებითაც. Georgian Airways ერთადერთი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ამ ქალაქების მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ავიარეისებს. 

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი შენარჩუნდეს, სწორედ ამიტომ შეირჩა ევროპის ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულება – ლონდონი და ბრიუსელი. რაც შეეხება ერევანს, ამ მიმართულების დამატება ითხოვეს ქართველმა ტუროპერატორებმა, რომელთაც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შევხვდით. გარდა ამისა, ერევნის ხაზი მნიშვნელოვანია იმ ქართველებისთვისაც, ვინც რუსეთში ცხოვრობს და გაურთულდა მიმოსვლა საქართველოში. 

ცალსახად გვინდა აღვნიშნოთ, რომ განხორციელდება არა სუბსიდირება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ მოხდება ერთჯერადი მარკეტინგული სტიმულირება, რომელსაც შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გასცემს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდის უზრუნველყოფის მიზნით,”-აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. 

ნეტგაზეთი ეკონომიკის სამინისტროს დამატებითი განმარტებისთვის დაუკავშირდა. გვსურდა გაგვეგო, უფრო კონკრეტულად რა გათვლები აქვს მთავრობას, რა სახის უკუგებას ელოდება მთავრობა სუბსიდირებით. სამინისტროდან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი