ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება საერთაშორისო აეროპორტად ვერ მოხდება – შერიგების მინისტრი

30 ივლისი, 2019 • 2473
სოხუმის აეროპორტის ამოქმედება საერთაშორისო აეროპორტად ვერ მოხდება – შერიგების მინისტრი

„ეს არ არის გასაკვირი, რადგან 2008 წლიდან მოყოლებული, როდესაც  რუსეთმა საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, ყველა ნაბიჯი იდგმება იმისათვის, რომ ისინი რუსეთზე სრულად დამოკიდებულნი იყვნენ“, – ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოხუმში, ბაბუშერაში მდებარე აეროპორტის საერთაშორისო ფრენებისთვის შესაძლო გახსნას.

„სოხუმის აეროპორტის ამოქმედება საერთაშორისო აეროპორტად, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება, რადგან ეს საერთაშორისო სამართლის წესებს, ICAO-წესდებასა და საქართველოს კანონმდებლობას არღვევს. უფრო საყურადღებოდ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ამით, ფაქტობრივად, აფხაზეთის მოქცევა ხდება რუსეთის, კერძოდ როსტოვის საჰაერო სივრცეში. 

ეს არის მორიგი ნაბიჯი, რომლითაც უნდათ ყველა  სფერო, აბსოლუტურად ყველა არხი რუსეთის გავლენის ქვეშ იყოს მოქცეული.  არ არის გასაკვირი, რადგან 2008 წლიდან მოყოლებული, როდესაც რუსეთმა საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, ყველა ნაბიჯი იდგმება იმისათვის, რომ ისინი რუსეთზე სრულად დამოკიდებულნი იყვნენ. არც ეს ნაბიჯი გახლავთ გამონაკლისი. მით უფრო, ამას ხელს უწყობს ე.წ. წინასაარჩევნო კონტექსტი, რომელიც ახლა აფხაზეთში არსებობს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესში. პოპულისტური ნაბიჯია და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ  არაფერს წარმოადგენს გარდა კანონდარღვევისა და იმის მცდელობისა, რომ აფხაზეთი რუსული გავლენის სფეროში კიდევ უფრო მეტად მოექცეს“, – ამბობს ციხელაშვილი.

აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა სოხუმის არძინბას სახელობის აეროპორტის სტატუსისა და აფხაზეთის საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ დოკუმენტი მიიღო. რია-ნოვოსტის, 26 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით კი, “რუსი ინვესტორი აფხაზეთის აეროპორტში საპროექტო სამუშაოებს უკვე აწარმოებს, რომელიც მომდევნო თვის ბოლოს დასრულდება”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სოხუმის საერთაშორისო აეროპორტში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ვერ მოხდება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია (ICAO), ბუნებრივია, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს საჰაერო სივრცის ერთიანობას.

ქართული მხარის პოზიციას გამოეხმაურა აფხაზური მხარე.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აფხაზეთსა და სხვა ქვეყნებს შორის საერთაშორისო საავიაციო მიმოსვლის დაუშვებლობაზე მორიგი, სრულიად მოსალოდნელი მცდელობაა, აფხაზეთი მსოფლიოსგან იზოლირებუი იყოს. არ გამოგივათ. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის”, – წერს დაურ კოვე, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ფეისბუკის გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი