“თქვენს გვერდით მიგულეთ“ – ბურჭულაძის ღია წერილი ხაზარაძე/ჯაფარიძეს

პაატა ბურჭულაძე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ღია წერილით მიმართავს. განცხადებაში, რომელიც მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა, ბურჭულაძე წერს, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის გვერდით დგას.

“ჩემო მამუკა და ბადრი, გუშინ მოვისმინე, თუ რა რეპუტაციული და ფინანსური ზიანი მიადგა „თიბისი“ ბანკს, თითქმის მილიარდი ლარით უზარალია ქართულ კომპანიებს… რა დავალებასაც არ უნდა იღებდეს საქართველოს პროკურატურა, თითოეულ მათგანს, ვინც ამ მავნებლობას სჩადის, როგორ არ უნდა ესმოდეს, რომ შავი პიარისთვის დაგეგმილი ყოველი მათი ბრიფინგი, რომლითაც მხოლოდ იმ ერთ კაცს ფხანენ გულს, ქვეყნის ინსტიტუციებს ანგრევს!

როგორ არ უნდა ესმოდეთ, რომ ეს არავის შერჩება და პასუხი აუცილებლად მოეთხოვებათ გამიზნულ ბოროტებაზე,“ – წერს ის. 

ბურჭულაძე განცხადებაში ამბობს, რომ პროკურატურის მხრიდან სიცრუისა და ცილისწამების მსხვერპლი თავადაც იყო, როდესაც “იავნანას“ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პროკურატურამ მაშინ თქვა, რომ “იავნანას”  მიერ 2004-17 წლებში მოზიდული შეწირულობების 30% მოხმარდა ქველმოქმედებას. 

“… უკვე ორი წელი გადის და პროკურატურამ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგა „იავნანას“ წინააღმდეგ, თუმცა მორალურად და მატერიალურად მოსპო ფონდი.

ვერც კი წარმომიდგენია, ასე როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა, რომ სერიალები გადაიღო და უზღვავი ფული დახარჯო ცნობილი და მთელი მსოფლიოსთვის პატივსაცემი ქართველებისა და მათ მიერ შექმნილი ორგანიზაციების რეპუტაციის გასანადგურებლად.

დღეს მე მრცხვენია ჩემი კოლეგების, მსოფლიო დონის ვარსკვლავების, ვის კალენდარშიც წლებით ადრეა ყველა დღე გაწერილი, მაგრამ მეგობრობის პატივსაცემად მაინც პოულობდნენ დროს და ყოველგვარი ჰონორარის გარეშე ჩამოდიოდნენ საქართველოში ბავშვების დასახმარებლად. მრცხვენია, რომ მავნებელი ოლიგარქისგან დასაცავად ავსტრიის მხარდაჭერა და უცხოელი ადვოკატების თანადგომა დამჭირდა. მრცხვენია, რომ საქართველოში ამდენ ადამიანს უჭირს და, ფაქტიურად, ბოლომდე გაანადგურეს ქველმოქმედების იდეა, ყველას და ყველაფრის მიმართ გააჩინეს უნდობლობა და ეჭვი,“- აცხადებს ბურჭულაძე.

მისივე თქმით, დღესდღეობთ ბევრი ფული იხარჯება ტროლურ კამპანიებში და მოქალაქეთა შორის ხელოვნური დაპირისპირების, სიძულვილის გაღვივებაში, ხოლო “ოლიგარქისთვის მთავარ საშიშროებას წარმოადგენს ყოველი ახალი ძალა, მამუკა ხაზარაძის მოძრაობა იქნება ეს, თუ პარლამენტის წინ შეუპოვრად მებრძოლი ახალგაზრდების გაერთიანება“.

“ჩემო მამუკა, ვამაყობ შენით, ვამაყობ ჩვენი მებრძოლი ახალგაზრდებით, რომლებიც ამდენი ზეწოლის მიუხედავად, ვნახეთ, რომ ვერც შეაშინეს და ვერც დაღალეს. თქვენს გვერდით მიგულეთ და ყველა იმ პატრიოტი ქართველის გვერდით, ვისი მიზანიც იქნება ქვეყნის განთავისუფლება ივანიშვილის მმართველობისგან,“ – წერს ბურჭულაძე.


მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ხაზარაძისთვისა და ჯაფარიძისთვის თითო-თითო მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა. სწორედ მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელიც პორტს აშენებს.

ამავე თემაზე:

პროკურატურის განცხადების შემდეგ, ეკონომიკამ მილიარდი ლარის ინვესტიცია დაკარგა – ხაზარაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან