ირანსა და რუსეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ორი ქვეყნის ერთობლივ საზღვაო წვრთნებს გულისხმობს. ამის შესახებ ირანული მედია ქვეყნის საზღვაო ძალების მეთაურზე, ჰოსეინ ხაზანდიზე დაყრდნობით იუწყება.
“რადიო თავისუფლების” სპარსული სამსახურის თანახმად, შეთანხმება მოსკოვში ხაზანდის ვიზიტის დროს გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, წვრთნები ინდოეთის ოკეანეში, არაბეთის ზღვაში, ჰორმუზის სრუტესა და სპარსეთის ყურეში უნდა ჩატარდეს. ჰოსეინ ხაზანდი ირანის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო IRNA-სთან საუბრისას იმედს გამოთქვამს, რომ პროცესი მომდევნო რამდენიმე თვეში აღსრულდება.
“რადიო თავისუფლების” ცნობით, ირანის საზღვაო ძალების მეთაურის რუსეთში ვიზიტისას ასევე გაფორმდა ხელშეკრულება სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ორ ქვეყანას შორის. ხაზანდის განცხადებით, შეთანხმებები უპრეცედენტოა და აგრეთვე მოიცავს თანამშრომლობას კასპიის ზღვაში.
ბოლო პერიოდში სპარსეთის ყურის რეგიონში დაძაბულობის მაჩვენებელმა მკვეთრად აიწია. თეირანის ურთიერთობა გამწვავდა გაერთიანებულ სამეფოსთან, განსაკუთრებით, ირანის მიერ ბრიტანეთის კუთვნილი ხომალდის დაკავების შემდეგ. აღნიშნულს წინ უძღოდა ამერიკული დრონის ჩამოგდება.
პარალელურად, აშშ-ის მიერ განახლებული მძიმე სანქციების ქვეშ იმყოფება. აღნიშნულმა ფაქტმა ირანის ისედაც დასუსტებულ ეკონომიკაზე უარესად იმოქმედა: ეროვნული ვალუტა რეკორდულად დაეცა, ინფლაციის დონე გაიზარდა, ინვესტიციები კი შემცირდა.
ფოტო გარეკანზე: YPA.IR/Mohammad Sadegh Heydari