ახალი ამბები

ოქრუაშვილის წინააღმდეგ ყველა ჩვენება რ2-ის წილზე განცხადების შემდეგაა მიცემული – ადვოკატი

29 ივლისი, 2019 • 942
ოქრუაშვილის წინააღმდეგ ყველა ჩვენება რ2-ის წილზე განცხადების შემდეგაა მიცემული – ადვოკატი

ტელეკომპანია რუსთავი 2 აცხადებს, რომ მოიპოვა თავდაცვის ყოფილ მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლითაც დგინდება, რომ ამ უკანასკნელის წინააღმდეგ გამოძიებას პირველი ჩვენებები 23-24 ივლისს აქვს მოპოვებული.

როგორც ცნობილია, გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებული მოვლენები, რომლის გამოც შსს-მ გამოძიება დაიწყო, 20-21 ივნისს მოხდა. შსს-მ შესაბამისი გამოძიებაც მყისიერად დაიწყო, თუმცა რ2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოქრუაშვილის წინააღმდეგ პოლიციელებისა და სპეცრაზმელების ჩვენებები გამოძიებამ მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მოიპოვა.

უცხოეთში მყოფი ოქრუაშვილი საქართველოში 20 ივლისამდე დაბრუნდა. დაახლოებით ამ პერიოდში გააკეთა მან არაერთი სკანდალური განცხადება ტელეეთერებში, მათ შორის პრეტენზია გამოთქვა რ2-ის 100%-იან წილთან დაკავშირებით და ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სამოქალაქო დავაც დააანონსა სასამართლოში. ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ აქვს ხალვაშის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც ეს უკანასკნელი ადასტურებს, რომ რ2 სწორედ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ეკუთვნის. ხალვაში ხელმოწერას გაყალბებულს უწოდებს.

ნეტგაზეთმა შსს-ს ჰკითხა, შეესაბამება თუ არა სიმართლეს რ2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვენებების მოპოვების დროებთან დაკავშირებით. უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარე გამოძიების დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა ნეტგაზეთს დაუდასტურა რ2-ის ინფორმაციის ნამდვილობა. ჭაბაშვილის ცნობით, ყველა პირი, ვინც საქმის მასალების მიხედვით მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას, სამართალდამცველია.

მასალების გადაბეჭდვის წესი