ახალი ამბები

თსუ: გერბის ცვლილება არ ასახულა უნივერსიტეტის სახელწოდებაზე

2 თებერვალი, 2015 • 7530
თსუ: გერბის ცვლილება არ ასახულა უნივერსიტეტის სახელწოდებაზე

უნივერსიტეტის პროფესორი და აკადემიური საბჭოს წევრი მარიამ გერსამია საკუთარ Facebook გვერდზე წერს, რომ მისთვის სახელწოდება “ტფილისი” რუსულ გავლენებთან ასოცირდება:

 

“გასაგებია, რომ გასულ საუკუნეში რუსები ვერასდროს გამოთქვამდნენ “თბილისს” და სწორედ ამიტომ დიდხანს ფიგურირებდა სიტყვა “ტფილისი”, “ტიფლისი” (ყოველ შემთხვევაში, ასოცირება რუსულ გავლენებთან და მონობის პერიოდთან ნამდვილად არსებობს!). არგუმენტი, რომ წყაროებში ფიგურირებს სიტყვა “ტფილისი” (მათ შორის ძველი წ.აღ-ით, როცა ქალაქი ჯერ კიდე არ არსებობდა) აქ არ გამოდგება…იმ წყაროებში უნივერსიტეტზე საერთოდ არაა საუბარი. უნივერსიტეტი ძვ. წ – აღ-ით მესამე საუკუნეში რომ დაარსებულიყო, არგუმენტი მხოლოდ მაშინ იქნებოდა მისაღები. 1918 წელს დაარსდა ქალაქში, რომელსაც ახლა ჰქვია თბილისი… ამიტომაც ქართული უნივერსიტეტის სახელწოდებაში და გერბში ეს სიტყვა (“ტფილისი”) ჩემთვის ვერ იქნება მისაღები,”– წერს მარიამ გერსამია.

 

უნივერსიტეტის ახალი სიმბოლიკის მოწინააღმდეგეებმა Facebook–ზე შექმნეს გვერდი “მოვითხოვთ, უცვლელი დარჩეს თსუ-ის გერბი”, რომელსაც ამ დროისთვის 1600–ზე მეტი მომხმარებელი შეუერთდა.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დღეს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც კიდევ ერთხელ განმარტა, რომ იცვლება არა უნივერსიტეტის დასახელება, არამედ მხოლოდ გერბი და დროშა.

 

“გერბის ცვლილება არ ასახულა უნივერსიტეტის სახელწოდებაზე. უცვლელი რჩება მისი სრული სახელწოდება- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე მოკლე აბრევიატურა თსუ,”- ნათქვამია განცხადებაში.

 

თსუს ძველი და ახალი გერბები
თსუს ძველი და ახალი გერბები

 

უნივერსიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ უნივერსიტეტს აქამდე არ ჰქონია ოფიციალურად დამტკიცებული სიმბოლიკა (დროშა და გერბი) და პრაქტიკაში გამოიყენებოდა დიმიტრი შევარდნაძის მიერ შესრულებული გამოსახულება, რომელიც თავდაპირველად უნივერსიტეტის ბეჭედზე იყო წარმოდგენილი.

 

“ამ სიცარიელის შესავსებად თსუ-მ თხოვნით მიმართა საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, რომელმაც უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მიწოდებული კრიტერიუმების საფუძველზე სიმბოლიკის რამდენიმე ესკიზი შეიმუშავა,“– გნათქვამია თსუს განცხადებაში.

 

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ 2014 წლის ივლისში ესკიზები განსახილველად გამოქვეყნდა თსუ-ს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი,“ ვებგვერდზე და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. მოგვიანებით კი შეიქმნა წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სამუშაო ჯგუფი, როემლსაც გერბი და დროშა უნდა შეერჩია. 29 დეკემბერს სწორედ ამ სამუშაო ჯგუფმა წარუდგინა სენატს დროშისა და გერბის ესკიზები, საიდანაც განხილვის შემდეგ სენატმა სასურველი ესკიზები ერთხმად დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი