ახალი ამბები

ახალი პროექტი პროფკავშირების საქმიანობის ეფექტურობის გასაზრდელად

2 თებერვალი, 2015 •
ახალი პროექტი პროფკავშირების საქმიანობის ეფექტურობის გასაზრდელად

პროექტი “შრომითი უფლებებისა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში”, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება, 30 თვეზეა გათვლილი და მისი ბიუჯეტი 400 ათასი ევროა.


მასში ჩართული არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, პროფკავშირები და დამსაქმებელთა ორგანიზაციები.

 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, პროექტის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს პროფკავშირების საქმიანობისა და დამსაქმებელთა ორგანიზაციების ეფექტურობის გაზრდას მათი წევრებისთვის შესაბამისი მომსახურების მიწოდების კუთხით. პროექტის მიზანია ასევე ხელი შეუწყოს სოციალურ დიალოგს სამივე მხარეს – საქართველოს მთავრობას, დამსაქმებელთა და პროფკავშირების ორგანიზაციებს შორის.

 

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების პრეზიდენტმა ირაკლი პეტრიაშვილმა 2 თებერვალს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ სოციალური დიალოგი არის ის გზა, რომლითაც პასუხი უნდა გაეცეს ყველა გამოწვევას.

 

“ეს პროექტი გვაკავშირებს ევროპის ქვეყნებთან, რომლებსაც სოციალური დიალოგის დიდი გამოცდილება აქვთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება”, – ამბობს პეტრიაშვილი.

 

პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე აღნიშნავს, რომ პროექტი დაეხმარება მთავრობას, დამსაქმებლებს, დასაქმებულთა ორგანიზაციებსა და პროფკავშირებს იმის მიღწევაში, რომ ჩამოყალიბდეს შრომითი ურთიერთობების ის მოდელი, რომელიც მიღებულია ევროკავშირისა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში.

 

“ის თემები, რაც გათვალისწინებულია ამ პროექტში, შეთანხმებულია ჩვენთან და, შესაბამისად, ჩვენ მას ვემხრობით. მაგრამ არის გარკვეული თემები, რომლებიც საჭიროებს დახვეწას, იგივე, როგორიცაა, შრომის ინსპექციის საკითხი, იგივე, ძალიან მნიშვნელოვანი თემა – შრომითი მიგრაციის საკითხი, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე იხილება პარლამენტში ჩვენ გარეშე”, – ამბობს ელგუჯა მელაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი