ახალი ამბები

სასამართლოს გადაწყვეტილებით თბილისის ზღვაზე ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორია შემოიღობება

29 ივლისი, 2019 • 2491
სასამართლოს გადაწყვეტილებით თბილისის ზღვაზე ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორია შემოიღობება

თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი ორი არასრულწლოვნის, ალეკო ცქიტიშვილისა და მაკა წიკლაურის, ოჯახის ადმინისტრაციული სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მერიამ აღნიშნულ ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი ბანერი და არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედელი უნდა ააშენოს.

მოსარჩელეების ერთ-ერთი მოთხოვნა, კომპენსაციის სახით დაზარალებულთათვის 100 000 ლარის გადაცემა არ დაკმაყოფილდა. ალეკო ცქიტიშვილის თქმით, მათ ჯერჯერობით არ აქვთ ჩაბარებული მოსამართლის მხრიდან დასაბუთება, თუ რატომ მიიღეს უარი ამ მოთხოვნაზე. მათი ვარაუდით, მოსამართლემ მერიის პოზიცია გაიზიარა.

„ისინი ადანაშაულებენ გარდაცვლილებს, 15 წლის ცოტნე ცქიტიშვილსა და 14 წლის ნოდარ შამათავას, და მომხდარის გამო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებენ. ჩვენ ამ კუთხით ბრძოლას სააპელაციო სასამართლოში გავაგრძელებთ“,- გვითხრა ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა.

მოსარჩელეები, მერიის გარდა, კერძო კომპანიას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსაც“ უჩივიან. ალეკო ცქიტიშვილის თქმით, სწორედ მათი ტერიტორიიდან გამომავალი წყალი ჩაედინება ნეიტრალურ ტერიტორიაზე, თბილისის წყალსაცავში, სადაც ქმნის საშიშ ადგილს. სწორედ ამიტომ, მათი მოთხოვნებია, აღნიშნულ ტერიტორიაზე დამონტაჟდეს ვედეოკამერები, აშენდეს საგუშაგო კოშკურა, რათა საფრთხის შემთხვევაში მაშველებმა დროულად მოახდინონ რეაგირება.

“ჩვენი ეს მოთხოვნები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, რადგან ეს არის კერძო კომპანია და მის მიმართ სარჩელი სამოქალაქო წესით უნდა შევიტანოთ “,- გვითხრა ალეკო ცქიტიშვილმა.

მოსარჩელეები ახალი სარჩელის შეტანას მოსამართლის გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ გეგმავენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი