“პანკისიდან თუ რამდენიმე ადამიანი წავიდა სირიაში, ამის პრევენცია სახელმწიფოს არ შეუძლია”, – ასე უპასუხა პრემიერმა ღარიბაშვილმა გასული წლის 26 დეკემბერს “ნეტგაზეთის” შეკითხვას, რას აპირებს ხელისუფლება პანკისის ხეობიდან “ისლამური სახელმწიფოსთვის” საბრძოლველად წასული საქართველოს მოქალაქეების ნაკადების ზრდასთან დაკავშირებით.
როგორც ჩანს, ახლა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგას. ყოველ შემთხვევაში, პარლამენტში უკვე ინიცირებულია მთავრობის კანონპროექტი, რომლითაც დასჯადი ხდება საჯაროდ ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერა, საზღვარგარეთ გამგზავრება ტერორისტული საქმიანობის განხორციელების, მომზადების, ან ამგვარ საქმიანობაში, ისევე, როგორც ტერორისტულ წვრთნაში მონაწილეობის მიღების მიზნით. დასჯადი ხდება ხსენებული მიზნით ადამიანის გადაბირება და დაფინანსებაც.
არაოფიციალური მონაცემებით, ერაყსა და სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში საქართველოს ათობით მოქალაქე იბრძვის, თუმცა დღეისათვის არსებული კანონმდებლობით საქართველოს მათთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკსირების ბერკეტი არ აქვს. თუ პარლამენტი შსს-ს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას გაიზიარებს, ეს ყველაფერი შეიცვლება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია განმარტავს, რომ ცვლილებები შსს-მ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტთთან თანამშრომლობის საფუძველზე მოამზადა. მისი თქმით, სწორედ ამერიკელებმა ურჩიეს, რომ დაყრდნობოდნენ ამ კუთხით ალბანეთის რესპუბლიკაში არსებულ კანონმდებლობას, რომელიც, იზორიას თქმით, იმის საშუალებას იძლევა, რომ ყველა კლასიკურ თუ არაიდენტიფიცირებად ტერორისტულ გაერთიანებებში საქართველოს მოქალაქეების შესაძლო კავშირი მოიცვას. ამასთან, იზორიამ უშიშროებისა და თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტში პირდაპირ განაცხადა, რომ ზემოხსენებული კანონპროექტი პირდაპირ უკავშირდება ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში მიმდინარე საბრძოლო პროცესებს.
შსს “მოგზაური ჯიჰადისტების” წინააღმდეგ
შსს-ს ინიციატივით, 9 წლამდე პატირმობით უნდა დაისაჯოს უცხო სახელმწიფოში გამგზავრება ტერორისტული საქმიანობის განხორციელების, მომზადების, ან ამგვარ საქმიანობაში, ისევე, როგორც ტერორისტულ წვრთნაში მონაწილეობის მიღების მიზნით. ამ ინიციატივას წინ უძღვოდა საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქე არაერთი მუსლიმის განცხადება იმის შესახებ, რომ ჩრდილოკავასიური წარმოშობის ადამიანებს სამართალდამცველები გარკვეულ პრობლემებს უქმნიან როგორც ქვეყნის შიგნით გადაადგილების, ასევე, ქვეყნიდან გასვლისა და შემოსვლის თვალსაზრისითაც. ასეთი განცხადებები თავის დროზე რუსეთის მოქალაქე ორმა ჩეჩენმა, ჯა გერივემა და ბექჰან გელგოევმა გააკეთეს, რომლებიც გასული წლის ბოლოს საქართველოში არ შეუშვეს, ასევე მსგავსი პრობლემის შესახებ საუბრობდნენ პანკისელი ჯოყოლა აჭიშვილი და საიხან მუზაევი. შესაძლოა თუ არა, რომ ეს მუხლი საქართველოს მოქალაქე ქისტებისა და ჩეჩნებისთვის დამატებითი პრობლემის წყარო გახდეს ეთნიკური ნიშნით გადაადგილების შეზღუდვის თვალსაზრისით ? – ჯერჯერობით ამაზე პასუხი არ აქვს საიას იურისტ თათული თოდუას, რომლის ორგანიზაციაც სასამართლოში მუზაევის ინტერესებს იცავს. რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ უნდა შეძლონ სამართალდამცველებმა იდენტიფიცირება, კონკრეტული პირი სირიაში საომრად მიემგზავრება თუ პირადი მიზნით? – იზორია განმარტავს, რომ მსგავსი ნორმის მიღებისაკენ წევრ სახელმწიფოებს გაეროს უშიშოების საბჭომ მოუწოდა გასული წლის 24 სექტემბერის რეზოლუციით.
“რაც შეეხება კონკრეტულ საქმეებს, თუ როგორ უნდა დადგინდეს მზგავრობის ფაქტი, ამაზე ვიტყოდი, რომ, მაგალითად, ჰოლანდიაში იყო შემთხვევა, როდესაც სამართალდამცავ ორგანოებს ეჭვი ჰქონდათ რა მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული პირი გეგმავდა აღნიშნულ ქვეყნებში გამგზავრებას ტერორისტული თუ უკანონო ფორმირებაში საქმიანობისთვის, ამ დასაბუთებული ეჭვის საფუძველზე განახორციელეს ჩხრეკა და იპოვეს ბილეთები, ასევე სხვა დოკუმენტები, რაც მგაზვრობისთვის იყო საჭირო. სწორედ ამ მგზავრობის კატეგორიაში მოექცა ეს ფაქტი”, – აცხადებს იზორია.
იმისათვის, რომ ადამიანი ტერორისტულ მიზნებში დაადანაშაულო, მტკიცებულებებია საჭირო. რას აპირებს შსს იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი ძალაში შევა და როგორ მოახდენს “მოგზაური” ტერორისტების იდენტიფიკაციას?
“ეს გლობალური უსაფრთხოების ელემენტებია და, ბუნებრივია, მარტო საქართველო, ან ერთი სხვა ქვეყანა ცალკე აღებული, ამ თვალსაზრისით ვერ მოიპოვებს მტკიცებულებებს, თუ მთლიან კოალიციასთან არ ითანამშრომლა. ამ ოპერაციის კონკრეტული გეგმები და აქტივობები საჯარო განხილვების თემა არ არის”, – უთხრა იზორიამ დეპუტატებს პარლამენტში.
ანალიტიკოსი გიორგი ხარაბაძე ფიქრობს, რომ ტერორისტების წინააღმდეგ მტკიცებულებების მოპოვება საქართველოზე უფრო დიდ ქვეყნებსაც გაუჭირდებათ:
“საქართველოდან წასული ადამიანი სირიაში პირდაპირ არ ჩადის, ყველა ამბობს, რომ სამუშაოდ მიდის თურქეთში და მერე იქიდან საზღვრის გადალახვის შედეგად ხვდება სირიაში. იქიდან იმავე გზით დაბრუნებულ ადამიანს, რომლის შესახებაც სპეცსამსახურებს ინფორმაცია არ აქვთ, რასაკვირველია, ვერავითარ დაბრკოლებას ვერ შეუქმნიან. ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელიც ძალიან დიდ სამუშაოს მოითხოვს, მათ შორის ოპერატიულ დონეზე, რომ ზუსტი ინფორმაცია გვქონდეს, ვინ არის სირიაში, რამდენი ადმაიანია იქ და ასე შემდეგ. 100 პროცენტით ამის უზრუნველყოფა არათუ ჩვენთვის, არამედ უფრო დიდი და დემოკრატიული ქვეყნებისთვისაც კი პრობლემაა”, – აცხადებს ხარაბაძე.
სოციალურ ქსელში ISIS-ის მხარდაჭერა დასჯადი ხდება?
შსს კანონპროექტში წერია, რომ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისკენ, ასევე საჯაროდ ტერორისტული საქმიანობის ან ტარორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერა, რამაც შესაძლოა გამოწვიოს ტერორისტული საქმიანობის განხორციელების საფრთხის დადგომა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
“ბათუმელების” შეკითხვას, დააკავებენ თუ არა ადამიანს, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერს, რომ მხარს უჭერს, მაგალითად, “ისლამურ სახელმწიფოს”, იზორია ასე პაუსხობს:
“საერთაშორისო პრაქტიკაში იყო ასეთი შემთხვევა, რომ გამოაქვეყნეს ნახატი, სადაც ასახული იყო 2001 წლის ნიუ იორკის ტერაქტი და მინაწერი “აი, განხორციელდა ის, რასაც ველოდი”. ამ მოქალაქეს წინააღმდეგ სამართალდამცავმა უწყებებმა მიიღეს შესაბამისი ზომები, რადგან მათ ჩათვალეს, რომ ეს იყო ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერა. მან გაასაჩივრა. განხილვა გაიმართა სტრასბურგში და სასამართლო დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ეს სწორადაც რომ მხარდაჭერა იყო… მართალია, ირიბი, თუმცა მაინც. მე ძალიან კონკრეტული მაგალითი გითხარით, აქედან გამომდინარე ასეთი ფორმის მხარდაჭერაც იქნება დასჯადი”, – აცხადებს იზორია ჩვენთან საუბარში.
კანონპროექტში კიდევ ერთი საინტერესო ჩანაწერია: უკანონო ფორმირებაში გაწევრიანებასთან ან მონაწილეობასთან დაკავშირებული მასალის ან სიმბოლიკის გავრცელება და გამოყენება 5-დან 10-წლამდე პატიმრობით უნდა დაისაჯოს. იურისტი თათული თოდუა განმარტავს, რომ მოცემული ფორმულირება სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებსაც ეხება განურჩევლად იმისა, რამდენი მეგობარი ჰყავს ამა თუ იმ ქსელის მოხმარებელს ფეისბუკზე, 5, 10 თუ 1000, ანუ ფეისბუკზე შესაბამისი სიმბოლიკის გაზიარების გამო შესაძლოა ადამიანი 10 წლით დააპატიმრონ:
“არ შეიძლება მხოლოდ მასალის ან სიმბოლიკის გავრცელება თავისთავად წარმოადგენდეს სისხლის სამართლის დანაშაულს. შეიძლება იგივე ჟურნალისტებმა მოიძიონ ანალიტიკური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ისლამურ სახელმწიფოში” გაწევრიანების რა პრაქტიკები არსებობს დღეისთვის და ასე შემდეგ. მხოლოდ ამ ინფორმაციის გავრცელება ზემოხსენებული ფორმულირებით დანაშაულს ნიშნავს და ეს არ არის სწორი. აქ აქცენტი უნდა გაკეთდეს მიზანზე, თუ მიზნად მიჩნეულია ასეთი ორგანიზაციების საქმიანობის რეკლამირება და ამავდროულად მისი გავრცელება ქმნის ადამიანების ორგანიზაციაში ჩართვის პირდაპირ საფრთხეს, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება მიჩნეულ იქნეს დანაშაულად”, – აღნიშნავს იურისტი.
ლევან იზორია პირობას დებს, რომ ამ საკითხზე შსს იმსჯელებს. რაც შეეხება “ბათუმელების” კითხვას, ზედმეტად მკაცრი სასჯელი ხომ არაა მხოლოდ მხარდაჭერის გამოცხადების გამო ადამიანის 3-6 წლით ციხეში ჩასმა და აგიტაციური სიმბოლიკის ტირაჟირებისთვის პირის 5-დან 10 წლამდე პატიმრობის დაკისრება, იგი აცხადებს, რომ ეს საკითხიც დაექვემდებარება განხილვას.
რეკომენდაციები
გაეროს უშიშროების საბჭოს იმ რეზოლუციაში, რომელზეც შსს-ს პოზიციის გამხმოვანებელი ლევან იზორია აპელირებს, წერია, რომ მხოლოდ კანონმდებლობით, სპეცსამსახურებითა და ჯარით ტერორიზმის პრევენცია ვერ მოხდება. იმავე აზრზე არიან ანალიტკოსები, რომელთაც “ბათუმელები” ესაუბრა. მათი თქმით, საქართველოს გამოწვევებზე საპასუხოდ, რომელიც ცოტა ხნის წინ ახლო აღმოსავლეთში გაჩნდა, კომპლექსური გეგმა სჭირდება, რომლის ერთ-ერთი ნაწილი საკანონმდებლო ბაზის მომზადებაცაა:
“ევროპულ სინამდვილეში არსებობენ NGO-ები, რომლებიც სპეციალურ პროგრამებს ახორციელებენ იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ მიზნებით ადამიანების წასვლა. არის გერმანული ორგანიზაცია “ჰაიატი”, რომელშიც სულ ხუთი ადმაიანი მუშაობს და 30 ადამიანის რადიკალიზაციის პრევენცია შეძლო, თუმცა ესეც არ არის ერთადერთი გზა, ამიტომ მოსაძებნია ყველა ის ვარიანტი, რომლითაც შეიძლება ადამიანების გადინების შეჩერება და შემდეგ იმაზე ფიქრი, როგორ მოვახერხოთ მათი ინტეგრირება. ცალსახად ვერ იტყვი, რომ ყველა ადამიანი, ვინც სირიაში საბრძოლვლევად წავიდა, უკან რაღაც ცუდის გასაკეთებლად ბრუნდება. არის შემთხვევები, როდესაც სხვა მიზნებისთვის მიდიან და აღმოაჩენენ, რომ იქ არ მოხვდნენ, სადაც ეგონათ და უკან ბრუნდებიან. ანუ იმასაც ჭირდება კარგი დაფიქრება, თუ როგორ იღებ ამ ადამიანებს, რა პროგრამები გაქვს იმისათვის, რომ ერთბადაშად ყველას კრიმინალიზაცია და უფრო მეტად გაუცხოება არ მოხდეს ამ სინამდვილიდან. მხოლოდ კრიმინალიზაცია ამ პრობლემის ერთადერთი გადაწყვეტა არ არის, თუმცა ერთ-ერთი მნიშვენლოვანი ფაქტორია”, – ამბობს გიორგი გვიმრაძე, სტრატეგიული კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი.
დემოკრატიისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი ხარაბაძე კი ფიქრობს, რომ საქართველოდან სირიაში საბრძოლველად წასული ადამიანების ერთ-ერთი მოტივაცია შესაძლოა სოციალური მდგომარეობაც იყოს, ამიტომ ხელისუფლებამ ამაზეც უნდა იფიქროს:
“სახელმწიფო, ერთი მხრივ, სწორ ნაბიჯს დგამს [კანონმდებლობის მომზადებით], მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა გავითვალისიწნოთ, რომ იგივე პანკისიდან შესაძლოა მძიმე სოციალური ფონის გამოც იყვნენ ადამიანები წასულები. სახელმწიფოს ვალდებულებაა კანონმდებლობის დარეგულირება და იმის უზრუნველყოფა, რომ მოქალაქე საქმის კურსში იყოს, თუ რა არ შეიძლება და მეორე მხრივ, ისეთ სენსიტიურ რეგიონებში, როგორიც, მაგალითად, პანკისია, უნდა შეიქმნა ის სოციალური გარემო, რომ ადამიანებს მინიმალური შემოსავლები მაინც ჰქონდეთ, რათა წასვლაზე არ იფიქრონ”, – ამბობს ხარაბაძე.
