ახალი ამბები

პრემიერი: უკრაინის ომის და ეკონომიკური კრიზისის პროგნოზირება 2 წლით ადრე არავის ძალუძს

2 თებერვალი, 2015 •
პრემიერი:  უკრაინის ომის და ეკონომიკური კრიზისის პროგნოზირება 2 წლით ადრე არავის ძალუძს

“ახლა როგორ გითხრათ, ამ შეკითხვაზე სერიოზული პასუხი როგორ გაგცეთ. ორი წლის წინ იმის პროგნოზირება, რომ უკრაინაში იქნებოდა ომი, რომ იქნებოდა ეკონომიკური კრიზისი, რომ იქნებოდა რუსეთში პრობლემები და კრიზისი, არავის არ ძალუძს. შესაბამისად, ჩვენ მივდივართ გეგმის მიხედვით. ის, რომ ჩვენმა მთავრობამ მოახერხა, რომ გვაქვს 4.7-4.8%, კორექტირდება, ალბათ, 5%-მდე გვექნება, ეკონომიკური ზრდა გასულ წელს. ეს არის ძალიან დიდი წარმატება, შეგიძლიათ ნებისმიერ ეკონომიკურ ექსპერტს კითხოთ, იმ ვითარებაში, როცა წამყვანი ევროპული სახელმწიფოები და მსოფლიოს სხვა ქვეყნები, რომლებსაც აქვს წარმატებული ეკონომიკა, მათი ეკონომიკური ზრდა იყო 3%-ზე ნაკლები, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა იქნება დაახლოებით 5%”,- განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

მისივე თქმით, წელს მთავრობა გეგმავს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდეს:

 

“მაგრამ ჩვენი ეკონომიკა არის პატარა ეკონომიკა, ჩვენ ვართ მიერთებული მსოფლიო ეკონომიკასთან, რომელიც არის პატარა ნაწილი, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად წარმატებული წელი იყოს საქართველოშიც. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზეც. საგარეო ფაქტორები არის განმსაზღვრელი ლარის კურსის, ეკონომიკური ზრდის, და ეს პროცესები არის დამოკიდებული გარე ფაქტორებზე”,- ამბობს პრემიერი.

 

2014 წლის ეკონომიკურმა ზრდამ დაგეგმილ 5%-ს ვერ მიაღწია და 4,7% შეადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 29 იანვრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2015 წელი არ იქნება დალხენილი წელი  და მთავრობა გაათმაგებული მობილიზებით უნდა შეხვდეს გამოწვევებს. პრემიერმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ყოველ თვეში წარადგინოს მთავრობის სხდომაზე. ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უწყებებისთვის გამოყოფილი თანხები, რომელთა ეფექტური ხარჯვა ვერ მოხდება, მთავრობის სარეზერვო ფონდში გადაირიცხება. მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება ინვესტორებთან აქტიურ კომუნიკაციას იწყებს და მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი