ახალი ამბები

პრემიერი: გაუგებარია, რატომ არის ასეთი შეშფოთება სხვა NGO-ებისგან ივანიშვილის განცხადებაზე

2 თებერვალი, 2015 •
პრემიერი: გაუგებარია, რატომ არის ასეთი შეშფოთება სხვა NGO-ებისგან ივანიშვილის განცხადებაზე

დღეს 45-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბარია, რომ ივანიშვილის ეს განცხადება შესაძლოა აღქმული იქნას ზეწოლად არასამთავრობო სექტორზე. ამის საპასუხოდ დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა:

 

“მე მინდა გითხრათ, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს დაფუძნებული, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქე”. ბატონმა ბიძინამ განაცხადა ორი წლის წინ, რომ ის გადადიოდა და გადავიდა კიდეც არასამთავრობო სექტორში. რატომ არის ასეთი შეშფოთება სხვა დანარჩენი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ჩემთვის გაუგებარი და აუხსნელია. თუ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აკრიტიკებს ან გამოთქვამს აზრს სხვა არასამთავრობოებზე, რატომ უნდა იყოს გაკვირვების საგანი? ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება, თავისუფლება, რომ ერთმანეთზე გამოვთქვათ ჩვენი აზრი.

 

ასეთ ვითარებაში ჩვენ ხშირად ვისმენთ კრიტიკას, ამ შემთხვევაში, ხელისუფლება და არა – არასამთავრობო, ყოველთვის ამას გაგებით ვეკიდებით, ეს არის პროცესი, ჩვენ საქართველოში უზრუნველვყავით სრული გამჭვირვალობა და დემოკრატია. ყველა ადამიანის, ყველა ორგანიზაციის სიტყვის თავისუფლება იქნება დაცული ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ადრეც ვთქვი და მინდა გავიმეორო, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად, მომწონს თუ არ მომწონს თქვენი ნათქვამი, ამის მიუხედავად ყველაფერს გავაკეთებ, რომ სიტყვის თვაიუსფლება იყოს გარანტირებულად დაცული საქართველოში.


ის დრო დასრულდა, როდესაც სიტყვის თავისუფლებას პრაქტიკულად გარანტიები არ ჰქონდა. სულ რაღაც 2 წლის წინ ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობდით, ჩვენთან არც სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება იყო და არც არაფერი, სრული კონტროლი იყო მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო სექტორზე. მიმაჩნია, რომ ეს არის ჯანსაღი პროცესი, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ჩვეულებრივი დისკუსია, პაექრობა და ეს ნორმალურია. ეს არის დამახასიათებელი დემოკრატიული ქვეყნებისთვის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი