“დაკავებულია 11 პირი, ისინი დაკავებული არიან როგორც ბრალდებულები პირდაპირ, თუმცა ბრალდება არ წარდგენიათ, ამისთვის კიდევ აქვს დრო გამოძიებას, ვგულისხმობ ბრალდების წარდგენას. ჯერჯერობით დაკავებულნი არიან განზრახ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებებში ბრალდებით, კერძოდ, ფირცხალავა დაკავებულია როგორც ბრალდებული განზრახ მკვლელობის ორგანიზებით და მტკიცებულებათა ფალსიფიცირების ორგანიზებით. სპეცრაზმის თანამშრომლები ყველანი დაკავებული არიან განზრახ მკვლელობის ბრალდებით. ნაკანიც განზრახ მკვლელობით არის დაკავებული. ერთადერთი გამომძიებელია, ვისაც მაშინ, ასე ვთქვათ, მანქანა დაეჯახა და დაზიანება მიიღო, ბეროძე, მას ბრალად ედება მტკიცებულებათა ფალსიფიცირება”,- ამბობს ადვოკატი დავით ხაჟალია, რომელიც ირაკლი ფირცხალავას და კახაბერ ნაკანის ინტერესებს იცავს.
მისივე თქმით, ამ დრომდე არც ერთი დაკავებული არ დაუკითხავთ. მან ასევე განაცხადა, რომ დაკავებულთა ნაწილი გადაჰყავთ ე.წ. მოდულის შენობაში და ნაწილი კი, იზოლატორში. მისივე თქმით, ფირცხალავა ქალაქის იზოლატორში უკვე გადაყვანილია.
ყოფილი ხელისუფლების ძალოვანი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნები- ირაკლი ფირცხალავა, ლევან ბეროძე და კახა ნაკანი საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადაიყვანეს. ვაზაგაშვილის საქმემდე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილ უფროსს ირაკლი ფირცხალავას ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით აღმკვეთ ღონისძიებად გირაო ჰონდა შეფარდებული.