“სარჩელის მიხედვით, გასაჩივრებული დებულებები შესაძლებელია სახელმწიფო ორგანომ გამოიყენოს, როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების დამოუკიდებელი საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც განსხვავდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურისგან. კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია პროკურორის დადგენილების საფუძველზე მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას და ამგვარი ქმედების კანონიერება 24 საათის განმავლობაში უნდა შეფასდეს სასამართლოს მიერ. აღნიშნულისგან განსხვავებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ამგვარი საგამოძიებო მოქმედებისთვის საკმარისია მხოლოდ პროკურორის მოტივირებული დადგენილების არსებობა”, – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია: სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ორგანოების უფლება, ჰქონდეთ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირების და კომუნიკაციის შინაარსის რეალურ დროში მიღების უწყვეტი შესაძლებლობა, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.
“აქვე აღსანიშნავია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 8(3) მეორე წინადადებებში არსებულ ბუნდოვანებაც იძლევა სადავო აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველს. კერძოდ, გაუგებარია როგორ უნდა იქნეს გაგებული, მაგალითად, „ინფორმაციის მოპოვების შემდგომი ღონისძიება“, ისევე, როგორც „ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის შემდგომი ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საჭიროებს სასამართლო განჩინებას ან პროკურორის დადგენილებას”, – ამბობს სახალხო დამცველი.