ახალი ამბები

ქობულია:  ფულის გათეთრების ელემენტი მე ვერ დავინახე

26 ივლისი, 2019 • 1077
ქობულია:  ფულის გათეთრების ელემენტი მე ვერ დავინახე

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ  იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც საზოგადოებამ იცის თიბისი ბანკის დამფუძნებლების მიმართ პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებაზე, “ფულის გათეთრების ელემენტი” ვერ დაინახა. 

“ფულის გათეთრების ელემენტი მე ვერ დავინახე”, – ამბობს ის. 

“მე იურისტი არ ვარ, მაგრამ დიდი გამოცდილება მაქვს ფინანსებსა და ეკონომიკაში.  ის, რაც წავიკითხე, ვერ გავიგე, რაში ედება ამ ხალხს ბრალი და თუ რამეში ედებათ ბრალი, ფულის გათეთრებასთან მე ეს ვერანაირად ვერ დავაკავშირე. ფულის გათეთრებას შეიძლება ჰქონდეს ძალიან ფართო ცნება, შეიძლება ფართო სპექტრის დანაშაულებები შედიოდეს, მაგრამ მე იმ ფართო სპექტრშიც ვერ ჩავსვი”, – ამბობს ქობულია. 

მისი აზრით, ის, რომ ხელისუფლება ვერ ხსნის, რაში უყენებს ბრალს, მთავრობის არაეფექტურობის  ილუსტრაციაა: 

 “ ეს არის მაგალითი არაეფექტურობის, როდესაც ხელისუფლება ვერ უხსნის საზოგადოებას პოლიტიკურად დატვირთული საქმის შემთხვევაში, თუ კონკრეტულად რაში სდებენ ბრალს ამ ორ საკმაოდ ცნობილ და მოწინავე ბიზნესმენს”.

თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 700-700 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, ასევე აუკრძალა ქვეყნიდან გასვლა. პროკურატურა მათ ფულის გათეთრებაში ადანასაულებს, რასაც ხაზარაძე და ჯაფარიძე არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება და წაყენებული ბრალდება ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი