ახალი ამბები

შსს-მ 20 ივნისის მოვლენებზე კიდევ 2 სამოქალაქო პირი დააკავა

26 ივლისი, 2019 • 1352
შსს-მ 20 ივნისის მოვლენებზე კიდევ 2 სამოქალაქო პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე კიდევ 2 პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს მონაწილეობას იღებდნენ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

“1993 წელს დაბადებული მ.მ. ფიზიკური ძალის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველებს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში, ხოლო, 1976 წელს დაბადებული
გ.ქ. სამართალდამცველებს ურტყამდა რეზინის ღვედს და მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია, ჯამში, 19 პირი, მათ შორის, პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი